.

გიგა მამინაშვილი – ფსიქოანალიტიკური თეორიები ანტისოციალური ქცევის შესახებ

ანტისოციალური ქცევა წარმოადგენს ფსიქიკურად დეტერმინირებულ აქტს, ხშირად დრამატული ფორმით განხორციელებულს სოციალურ სცენაზე, კანონის, როგორც სოციო–კულტურული ორგანიზატორის წინაშე („დამნაშავეა კანონის წინაშე“). ანტისოციალური ქცევა მოიცავს ინდივიდს, რომელიც არღვევს კანონს, აკრძალვას ან სოციალურ ნორმას, აგრეთვე კოლექტივს რომელიც ბრალს სდებს დამნაშავეს, ასამართლებს მას, ან კიცხავს მას მსუბუქი დანაშაულის, საყოფაცხოვრებო სოციალური ნორმის დარღვევის შემთხვევაში. კრიმინალური აქტი განუყოფელ კავშირშია სასჯელთან, ისევე როგორც მსუბუქი ანტისოციალური ქცევა, განხორციელებული ბავშვის მიერ მშობლების მხრიდან დატუქსვას იმსახურებს. ანტისოციალური ქცევა, განსაკუთრებით კრიმინალური აქტი სუბიექტთან დანაშაულისა და სასჯელის ტრაგიკულ გახლეჩაზე მიუთითებს. ძლიერი ლტოლვითი ბუნების პრიმიტიული, ხშირად უკიდურესად არქაული ტენდეცია ქცევის, აქტის დონეზე რეალურად ხორციელდება და გარეთ აწყდება „სასჯელაღსრულების ორგანოს“, სადამსჯელო სისტემას, რომლის შიდაფსიქიკურ დეფიციტსაც განიცდის ინდივიდი. საქმე ეხება ფსიქიკური აპარატის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი „ორგანოს“ ფუნქციონირების მოშლას. კანონი, სადამსჯელო ინსტანცია დამნაშავის პიროვნებისთვის მხოლოდ გარეთ არსებობს. ანტისოციალური ტენდენციების ფსიქიკური რეგულაცია შეუძლებელი ხდება. სასჯელი წარმოადგენს ხელოვნურ რეგულატორს ტენდენციისა, რომელიც ფსიქიკური ცხოვრების ჩარჩოებს არღვევს და სოციალურ სცენაზე კრიმინალური აქტის სახით ვლინდება. თანამედროვე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი პოლ–ლორან ასუნი[1] ტერმინ დამნაშავის, კრიმინალის სემანტიკურ ანალიზს ეწევა: ზიგმუნდ ფროიდი იყენებს გერმანულ ტერმინს, რომლითაც ის აღნიშნავს კრიმინალის პიროვნებას: Verbrecher. Verbrecher გულისხმობს ზმნას Brechen და ქართულად ითარგმნება, როგორც დამსხვრევა, დამტვრევა, გატეხვა.  ე.ი. კრიმინალი არის ის ვინც ამსხვრევს (Verbrecher) , ტეხავს, თუმცა საინტერესოა ის თუ რას უტევს კრიმინალი უპირველეს ყოვლისა. რა წარმოადგენს საგანს ან რეალობას, რომელიც კრიმინალის ხელით იმსხვრევა? თუ მკვლელობას ეხება საქმე საუბრობენ სხვა ადამიანის, მოყვასის სიცოცხლის ხელყოფაზე. ამ შემთხვევაში სუბიექტი ამსხვრევს სხვის სიცოცხლეს, თუმცა მოზარდობის ან პუბერტატის ასაკში (ანტისოციალური ქცევის პირველი გამოვლინებების ასაკი) ეს შეიძლება იყოს სკოლის ან რომელიმე სხვა აღმზრდელობითი დაწესებულების ფანჯარა. შინაგანი ფსიქიკური აუცილებლობის ძალით კანონი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს სასჯელს, კრიმინალის პრიმიტიული სიძულვილისა და თავდასხმის ობიექტი ხდება. ე.ი. ანტისოციალური ტენდენციების მქონე ინდივიდი ამსხვრევს კანონს, და შესაბამისად სოციალურ კონტრაქტს, „ხელშეკრულებას“, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრისაგან ამ კანონის დაცვას მოითხოვს. ის რასაც ამსხვრევს კრიმინალი არის მცნება: „არა კაც კლა“ „არ იქურდო“ და ა.შ.  სოციალური წესისა და კანონის დამრღვევის ფსიქიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება კანონთან და სასჯელთან გამრუდებულ, პათოლოგიურ დამოკიდებულებას გულისხმობს. კრიმინალი თავს ესხმის ნევროტული სტრუქტურის, ე.ი. ოიდიპოსის კომპლექსზე სტრუქტურირებული საზოგადოებისა და მისი წევრებისათვის ყველაზე საკრალურს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს კოლექტივისთვის და ასრულებს საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზატორის ფუქნციას.  ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვი, მოზარდი თუ ჩამოყალიბებული რეციდივისტი, რომელის კრიმინალური ქცევაც აკვიატებული განმეორების დესტრუქციულ მანქანას ექვემდებარება საზოდაგოებას, აღმზრდელებს, მასწავლებლებს შოკს გვრის.  კრიმინალი არღვევს კანონს და ანტისოციალური ქცევით ემიჯნება საზოგადოებას. ორივეს კანონთან გარკვეული დამოკიდებულება აქვს, ერთი იცავ კანონს, მეორე არღვევს და კანონის მეორე ნაპირზე, კანონის მიღმა აგრძელებს ცხოვრებას. კრიმინალი აშინებს საზოგადოებას, რადგან ის სინამდვილეში ანხორციელებს კანონმორჩილი სუბიექტისა და ბავშვის ინფანტილურ, დესტრუქციული ბუნების ტენდენციებს და ნევროტული სტრუქტურის ფანტაზმს მკვლელობის შესახებ სოციალურ სცენაზე დატრიალებულ რეალურ ტრაგედიად აქცევს. კრიმინალი არ ხუმრობს, არ თამაშობს, ე.ი. დესტრუქციული ტენდენციების ფსიქიკური გადამუშავებისა და სიმბოლიზაციის ფარგლებს სცდება და მოქმედებს გარეთ. კრიმინალი და დანაშაული ზოგადად წარმოადგენს სარკეს კანონმორჩილი და სოციალური სუბიექტის არაცნობიერისთვის. სწორედ ამ მიზეზით, კრიმინალური ქრონიკა, ვიდეო–პატრული, საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული კანონდარღვევისა და კრიმინალის შემთხვევები საზოგადოებისა და მასის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ინტერესის საგანია. დამოკიდებულება კანონდარღვევისადმი ცხადია ამბივალენტურია, თუმცა დანაშაული პერვერტული მიზიდულობის ძალას ფლობს, რაც აიძულებს ინდივიდს იყოს უკიდურესად კრიტიკული დანაშაულის მიმართ, თუმცა ამავე დროს თვალი ვერ მოსწყვიტოს დანაშაულის შემზარავ სცენას, ხშირად ტრაგიკული ფორმით გაშუქებულს საინფორმაციო საშუალებებში. ის რაც შუქდება არის მაყურებლის არაცნობიერი, განდევნილი ტენდენციები, რაც უსიამოვნების განცდასა და ფსიქოლოგიურ ინტერესს ერთდროულად აღძრავს ინდივიდში.

ფსიქოანალიზის კვლევის საგანს წარმოადგენს ანტისოციალური ქცევის ფსიქიკური მიზეზობრიობა და ამ ქცევის ადგილი ფსიქოანალიტიკური თეორიის ფარგლებში. ერთის მხრივ, გვაქვს ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები და მეორეს მხრივ ანტისოციალური ქცევა.  კრიმინალური აქტის ახსნისათვის (რომელიც ხშირად წარმოადგენს ნამდვილ გამოცანას მათთვის ვინც ცდილობს დანაშაულის ფსიქო–სოციალური მოტივების იდენტიფიცირებას), განსაკუთრებით ფასეულია ისეთი ფსიქოანალიტიკური კონცეპტები, როგორიც არის ბრალის გრძნობა, სასჯელისა და დასჯის მოთხოვნილება, ოიდიპალური (ფროიდიანული) და პრიმიტიული (კლაინიანური) ზე–მე, პირველადი ნარცისიზმი, ნარცისტული ჭრილობა და დეფიციტი, მშობლებთან ურთიერთობა განვითარების პრეგენიტალურ სტადიებზე, მამის ფუნქცია, სიმბოლიზაცია და ფსიქიკური გადამუშავება, მიმართება ფანტაზმსა და აქტს, ფსიქიკურსა და რეალურს შორის.

როგორ მოვახდინოთ ანტისოციალური ქცევის პრევენცია? რას შეიძლება გულისხმობდეს პრევენცია, როგორც მიზანი? სიტყვა პრევენცია მოიცავს ისეთ შინარსებს, როგორიც არის გაფრთხილება, წინასწარ გაფრთხილება, თავიდან აცილება  უსიამოვნო, ცუდი მოვლენის, რომლის გათვალისწინებაც შეიძლება. აგრეთვე გულისხმობს აღკვეთას, შეჩერებას რაღაცის რაც უკვე არსებობს და რომლის განჭვრეტაც შესაძლებელია. საქმე ეხება სიფრთხილის ზომებს, პროფილაქტიკას, ხშირად მედიცინას, რომელიც შეიძლება იყოს პრევენციული. ტერმინის სემანტიკური ასპექტი ნათლად აჩვენებს, რომ პრევენცია წარმოადგენს საზოგადოების პოზიციას ანტისოციალური ტენდენციებისა და ქცევის მქონე ინდივიდისადმი. ეს პოზიცია მიზნად ისახავს წინასწარი გამაფრთხილებელი ზომების მიღებას, რომელიც დაიცავს და გაუფრთხილდება საზოგადოების კონკრეტულ წევრს, როგორც ანტისოციალური ტენდენციების მქონე სუბიექტის პოტენციურ მსხვერპლს. მაგალითად მანდატურების ინსტიტუტი სკოლაში  (რომელმაც შესაძლოა მართლაც შეამცირა ჩადენილი კრიმინალური აქტების რიცხვი) წარმოადგენს პრევენციულ ზომას, რომლის ზრუნვის ობიექტიც არის არა დამნაშავე, არა მოზარდი, რომელიც ატნისოციალურ ქცევას ანხორციელებს, არამედ საზოგადოება, საზოგადოების თითოეული წევრი, რომელიც ამ ქცევის მსხვერპლს შეიძლება წარმოადგენდეს. პრევენცია ზრუნავს სოციალური იდეალის ხელშეუხებლობაზე, რომელსაც კრიმინალი ძალადობრივი ფორმით ამსხვრევს და შოკში აგდებს საზოგადოებას, მაშინ როდესაც ფსიქოანალიზი მთლიანად მოწყვეტილია სოციო–პოლიტიკურ დისკურსს (პრევენციული ზომების მიღება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომელმაც უნდა აღკვეთოს კრიმინალი, ხოლო კრიმინალის პიროვნებასთან საქმე მხოლოდ იურიდიულ ან სასამართლო ფსიქიატრიის ფარგლებში აქვს) და ორიენტირებულია კრიმინალის პიროვნებაზე, სუბიექტზე. ზრუნავს არა პარანოიკის მეზობელზე, არამედ ფსიქოზით დაავადებულ ინდივიდზე, რომლის მიერ განხორციელებული კრიმინალური აქტი აუცილებლად მოითხოვს ახსნას, გაგებას. ფსიქოანალიზს ანტისოციალური ქცევის მქონე ინდივიდისადმი არა აღმკვეთი ან პრევენციული არამედ ექსპლიკატორული და თერაპიული მიზნები ამოძრავებს.  პრევენციული ზომები, პრევენცია ფსიქოანალიზისთვის წარმოადგენს ფანტაზმს, რომელიც მომავლის საქმედ მიიჩნევს აღკვეთოს უკვე მომხდარი უბედურება. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება ვისაუბროთ პრევენციაზე, მაგალითად მაშინ, როდესაც ბავშვს მომავალი კრიმინალისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომატური ქცევა აღენიშნება. ამ ქცევების რიგს განეკუთვნება გახანგრძლივებული ენურეზი 4,5,6  წილის ასაკში, ცხოველებისადმი სასტიკი დამოკიდებულება, პირომანიისადმი მიდრეკილება, წვრილმანი ქურდობა და ტყუილი (ეს ორი ხშირად განუყოფელ კავშირშია ერთმანენთთან). თუ ბავშვს აღენიშნება აღწერილი სიმპტომატიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქიკური ნიადაგი ანტისოციალური ქცევისა და ნამდვილი კრიმინალის ფორმირებისათვის უკვე მომზადებულია. ე.ი. ის რაც პრევენციის მიზანს წარმოადგენს უკვე მოხდა და ფსიქოანალიზი ამ შემთხვევაში ნაცვლად პრევენციისა ანტისოციალური ტენდენციების მქონე ინდივიდის განკურნებაზე ან მის ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე ზრუნავს. მაშინ რა ასპექტში და რა დროს უნდა მოიხელთოს პრევენციულმა ზომებმა მომენტი, როდესაც ბავშვის ცხოვრებაში ფსიქიკური კატასტროფა ხდება? პრევენციული ზომების ინტერვენცია როდის არის საჭირო თუ ის მიზნად ისახავს აღკვეთას, გაფრთხილებას, პრევენციას. ის რაც წარმოადგენს პრევენციის ობიექტს უკვე მომხდარი ან ფორმირებული სახით ვლინდება. პრევენციაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც მოზარდებს შორის მკვლელობის შემზარავი აქტები განმეორებად სახეს იღებს და არღვევს სოციუმის სიმშვიდეს. პრევენციული ზომები საქმეში ერთვება მაშინ, როდესაც პათოლოგიური პროცესები სოციუმში, ოჯახში და კონკრეტულ სუბიექტთან დასრულებულ სახეს იღებს და წარმოადგენს საკმარის ფსიქიკურ საფუძველს იმ აქტის განხორციელებისათვის, რომელიც პრევენციამ უნდა აღკვეთოს. პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ანტისოციალური ქცევის მიზეზი და მნიშვნელობა არის გაგებული, რადგან ფსიქოანალიზში ანტისოციალური ქცევა წარმოადგენს გზავნილს საზოგადოებისთვის, რომელიც უნდა იყოს გაშიფრული, გაგებული. თუ კრიმინალური აქტის (განსაკუთრებით განმეორებადი კრიმინალური აქტების (მკვლელობის ფაქტები მოზარდებს შორის თბილისის საჯარო სკოლებში)  ანალიზი და მნიშვნელობის, აგრეთვე „დანიშნულების“ (რადგან ის კარკვეული ფუნქციის სამსახურში დგას) სიღრმისეული გაგება არ მოხდა პრევენცია იღებს ფიქციის, საზოგადოებრივი ილუზიის სახეს: როგორ არის შესაძლებელი პრევენცია ქცევის, აქტის რომლის მნიშვნელობისა და წარმოშობის შესახებ (კონკრეტულ სოციო–კულტურულ სივრცეში) არაფერი ვიცით? განსხვავებით პოლიტიკური და სოციალური დისკურსისაგან, ფსიქოანალიზი ანტისოციალურ ტენდენციებს სუბიექტის დისკურსის ჭრილში განიხილავს, სუბიექტის, რომელიც არაცნობიერი ტენდენციების, არაცნობიერის გავლენას განიცდის. საზოგადოება ითხოვს პრევენციას (წინასწარ გაფრთხილებას, თავის არიდებას, აღკვეთას) ხოლო დამნაშავე შველას, გაგებას.

 

 

აქტუალობა

ანტისოციალური ქცევა ან კრიმინალური აქტი უნივერსალურ ფენომენს წარმოადგენს, რომელიც დამახასიათებელია ყველა ეპოქისა და ყველა დროის საზოგადოებისთვის. ფსიქოანალიზი კრიმინალს ფსიქოანალიტიკური ანთროპოლიგიის ჭრილში განიხილავს, როგორც მოვლენას, რომელიც არა მხოლოდ ფსიქოპათოლოგიისა და კლინიკური სივრცის, არამედ ისტორიის, ლიტერატურისა და  მითოლოგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემაა. სოფოკლეს ტრაგედია მეფე ოიდიპოსზე სწორედ ორ ფუნდამენტურ კრიმინალს გულისხმობს: მამის მკველობას და ინცესტს დედასთან. კრიმინალის ფორმირება ოჯახში ხდება, ხოლო ძალადობრივი ტენდენციების ფანტაზმატიკურ, წარმოსახვით ან რეალურ ობიექტებს დასაწყისისათვის სწორედ მშობლები და სხვა ოჯახის წევრები წარმოადგენენ. ანტისოციალური ტენდენციების, დანაშაულის განხორციელების არაცნობიერი სურვილის ან დესტრუქციული ფსიქიკური რეპრეზენტაციების „რაოდენობრივი“ ასპექტი სავარაუდოდ ყველა კულტურაში და სოციუმში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, თუმცა ერთი სოციუმი მეორისაგან შესაძლოა განსხვავდებოდეს რეალურად განხორციელებული კრიმინალური და ანტისოციალური აქტების სტატისტიკით. კრიმინალური სტატისტიკა ამ განსხვავებებს  მაქსიმალური სიზუსტით აღწერს. გარდა განხორციელებული აქტების რაოდენობისა ერთი საზოგადოება მეორისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს ჩადენილი დანაშაულის ბუნებით. განსხვავება შესაძლოა არსებობდეს დანაშაულის განხორციელების ფორმის დონეზეც, რაც კრიმინალური აქტების კონკრეტული სოციუმისათვის დამახასიათებელ ესთეთიკაზე მიუთითებს.

საქართველოში ანტისოციალური ქცევის, როგორც სოციო–კულტურული და ფსიქიკური ფენომენის აქტუალობა განსაკუთრებით დიდია, თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ რეალობას, რომლის ფარგლებშიც მოზარდისა და მისი მშობლების სოციალიზაცია წარმოებდა. აკრძალვების სისტემის, კონკრეტულ სოციუმში მოქმედი წესებისა და კანონების ინტერიორიზაცია პირველადი ბავშვობის დროს დაბადებიდან 6–7 წლამდე ოჯახის ფარგლებში მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის დროს არის შესაძლებელი. მშობლებთან იდენტიფიკაცია ზე მეს, როგორც შიდაფსიქიკური ინსტანციის ფორმირების საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში ინდივიდის გარემოსთან ურთიერთობის მორალური რეგულაციის ფუნქციას ასრულებს. ოიდიპალური იდენტიფიკაციისა და აკრძალვების გაშინაგნების ფსიქიკური აუცილებლობის განხილვა აღნიშნული სტატიის ფარგლებს სცდება, რადგან წარმოადგენს ფსიქოანალიზის ერთ–ერთ რთულ თეორიულ კონსტრუქტს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მშობლებთან იდენტიფიკაცია გულისხმობს არა მშობლების მე–ს, არამედ მშობლების ზე–მეს, ანუ მშობლების მორალურ ფსიქიკურ ინსტანციას, რომელიც შეიცავს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ, კონკრეტული ეთნოსისათვის დამახასიათებელ ეთიკურ სისტემას. ე.ი. ბავშვი იდენტიფიცირდება მშობლების ზე მესთან, ხოლო ეს უკანასკნელი წარმოადგენს იმ საზოგადოებისათვის დამახასიათებელი აკრძალვებისა და იდეალების ფსიქიკურ რეპრეზენტაციას, რომელშიც მოხდა კიდეც მშობლების ზე–მეს ფორმირება. კულტურული ტრანსმისია, ე.ი. საზოგადოებაში ცხოვრების წესების, აკრძალვებისა და იდეალების გადაცემა ძველი თაობიდან ახალ თაობაზე სწორედ იდენტიფიკაციისა და მამის ფუნქციის წყალობით არის შესაძლებელი. ანტისოციალური ქცევის, როგორც კომპლექსური პრობლემის აქტუალობის ერთ–ერთ განმაპირობებელ ფაქტორს საქართველოში წარმოადგენს სწორედ მშობლებისაგან იდენტიფიკაციისა და ტრანსმისიის გზით მიღებული ღირებულებათა სისტემის, აკრძალვებისა და სოციალური ნორმის კონფლიქტი ამჟამინდელ სოციო–კულტურულ რეალობსათან, რომელიც არის არა ახალი აკრძალვებისა და ნორმატიული ეთიკის გამოხატულება, არამედ ამ აკრძალვების, წესებისა და იდეალების დეფიციტის, ხშირად მათი არარსებობის მაგალითი. ე.ი. მოზარდის ან ზრდასრული ინდივიდის ზე მე იმყოფება კონფლიქტში არა ლტოლვითი ბუნების არაცნობიერ ტენდენციებთან, არამედ აქტუალურ გარემოსთან, რომელში ცხოვრებაც უწევს მას. შედეგად ნაცვლად ნევროტიზაციისა ფსიქიკური ცხოვრების პარანოიზაცია ხდება, რაც გზას უხსნის პროექციული მექანიზმების პათოლოგიურ მუშაობას, სიძულვილისა და დესტრუქციული ფსიქიკური რეპრეზენტაციების ექსტერიორიზაციას და მის აღსრულებას აქტის დონეზე. რეალობა ხდება დესტრუქციული ელემენტებით გაჯერებული.

ანტისოციალური ქცევა, როგორც პათოლოგიური ან ანომალიური ზე მეს აქტივობის შედეგი დაკავშირებულია საქართველოში მომხდარ ისეთ სოციო–პოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებსაც ერთი შეხედვით არ აქვს კავშირი კრიმინალთან ზოგადად. შევეცდებით განვიხილოთ ზოგიერთი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მამის ადგილთან და მის ფუნქციასთან საზოგადოებაში, საბჭოთა კავშირის ნგრევასთან და რელიგიის როლთან თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. რადგან ანტისოციალური ქცევა განუყოფელ კავშირშია კანონთან, შესაბამისად ის დაკავშირებულია მამასთან ან მის რეპრეზენტაციებთან, რელიგისათან და სახელმწიფოსთან, შესაბამისად პოლიტიკასთან.

 

საბჭოთა კავშირის ნგრევა და მისი ფსიქოლოგიური შედეგები

საქართველოში მოზარდთა შორის გახშირებული კრიმინალი და ძალადობა ცხადია ახსნას მოითხოვს. ფსიქოლოგი კლინიკაში პაციანტთან პირველი კონსულტაციის დროს რეალობისადმი გარკვეული ერთგულებით გამოირჩევა. იქამდე ვიდრე ის პაციენტის ფანტაზმატიკური ცხოვრების გამოკვლევას დაიწყებდეს, იქამდე ვიდრე მისთვის ფსიქიკური რეალობა გახდებოდეს მნიშვნელოვანი, ის ყოველთვის ინტერესდება ისტორიით, პაციენტის მონათხრობით რეალურად მომხდარი მოვლენების შესახებ. საწყის ეტაპზე ფსიქოლოგი ინტერესდება  მოვლენებით, რომლებიც შესაძლოა წინ უძღვოდა სიმპტომის ფორმირებას, შფოთვის ინტენსივობის ზრდას, დაავადების ნამდვილ მანიფესტაციას. თუ ფსიქოტიკს ეხება საქმე ის (ფსიქოლოგი) ეძებს მოვლენას, რომელიც შეიძლება იქნეს მიჩნეული ფსიქოზის ჩამრთველ ფაქტორად. მოკლედ რომ ვთქვათ ის მატრავმირებელ მოვლენას, როგორც ჩამრთველ მოვლენას ეძებს. ზოგჯერ ასეთი მოვლენის პოვნა სრულიად არ წარმოადგენს სირთულეს, მაგალითად ტრვმატული ნევროზის დროს, თუმცა კლინიკაში ყოველთვის ეს ასე არ ხდება.

როდესაც მასის ფსიქოლოგიას ეხება საქმე, განსაკუთრებით კი ანტისოციალურ ქცევას, რომელიც როგორც ფსიქიკურ, ასევე სოციალურ ასპექტებს აერთიანებს არ იქნებოდა ზედმეტი ამ შემთხვევაშიც გვეკითხა თუ რა მოვლენები უძღვოდა წინ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დემორალიზაციას, ე.ი. ზე მე–ს ფუნქციის მოშლას ან ზე მეს პათოლოგიებს. განსხვავებით კლინიკისაგან, ჩვენს შემთხვევაში, მოვლენა რომელსაც შეიძლება ქონოდა მატრავმირებელი ძალა არ არის რთულად აღმოსაჩენი. ამ მოვლენას ჩემი აზრით, წარმოადგენს საბჭოთა კავშირის, როგორც გიგანტური იდეოლოგიური სისტემის ნგრევა. საბჭოთა კავშირის როგორც იდეოლოგიური და სოციო–კულტურული სისტემის ნგრევამ მატრავმირებელი მნიშვნელობა შეიძინა, განსაკუთრებით საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის.

საბჭოთა კავშირის როგორც ეპოქის დასასრული არა ერთი არამედ რამოდენიმე მოვლენით არის აღნიშნული. უპირველეს ყოვლისა ეს იყო იდეალების დაღუპვა ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ იდეოლოგიის, როგორც რწმენებისა და დოქტრინალური სისტემის  მოშლა.

ილუზიებმა განიცადეს ნგრევა, რამაც მატრავმირებელი გავლენა იქონია მასის ფსიქიკურ ცხოვრებაზე. „პერესტროიკა“ არ გულისხმობდა გარდამავალ პასაჟს ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ დროსა და ეპოქას შორის. ილუზიებისა და რწმენების დესტრუქცია მატრავმირებლად მოკლე დროში განხორციელდა. რადიკალური ცვლილებები მასის სოციო–კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არ წარმოადგენდა ამ მაისი მიერ ორგანიზებული, პროვოცირებული გადტრიალების შედეგს და შესაბამისად არ პასუხობდა კოლექტიურ სურვილს, რომელსაც ნამდვილი რევოლუციის დროს შეიძლება ქონოდა ადგილი. ცვლილებებმა, რომლებმაც მოშალა საბჭოთა სოციო–კულტურული წესრიგი მასის ფსიქიკურ ცხოვრებაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, ვერ ჩაეწერა ფსიქიკაში, როგორც მოვლენა, რომლის რეპრეზენტაციაც არის შესაძლებელი, შედეგად ვერ გახდა ერის ისტორიის ნაწილი და შეიძინა მატრავმირებელი მოვლენისათვის დამახასიათებელი მუდმივი ფსიქიკური აქტუალობის თვისება. საქმე ეხება ორ განსხვავებულ დროსა და ეპოქას შორის მატრავმირებელ წყვეტას, რომელიც რადგანაც არ პასუხობდა მასის რეალურ სურვილს, ფსიქიკურ აქტუალობას დღემდე არ კარგავს. საბჭოთა კავშირის ნგრევა, როგორც მოვლენა არ განიცდის სიმბოლიზაციას, ისევე როგორც ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ და ისტორიულ გააზრებას ჩვენს ქვეყანაში. ნგრევის ფსიქო–სოციალურ შედეგებზე საუბარს ამჯობინებენ მისი ეთიკური ასპექტების განხილვას. ფსიქიკური კავშირი წარსულსა და მომავალს შორის ახალმა და მასისათვის გაუგებარმა წესრიგმა თუ უწესრიგობამ გაწყვიტა, რამაც იდენტობის პრობლემა წარმოშვა, რომელიც არის სუბიექტის დროში იგივეობის განცდის მუდმივობა. „პერესტროიკა“ არ წარმოადგენდა რევოლუციას, როდესაც ახალი იდეალების სახელით ლახავენ ძველს, როდესაც მასა ფსიქიკურად მეტ–ნაკლებად მზად არის აიტანოს და გაუძლოს ძველი წესრიგის ნგრევას. საბჭოთა კავშირის ნგრევის საქმეში მასის როლი უკიდურესად პასიური და უმნიშვნელო იყო. დღემდე ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი დაშალა არა ხალხმა, არამედ გორბაჩოვმა, შევარდნაძემ, ამერიკამ და ა.შ.  აღნიშნული ძირეული ცვლილებების მიზეზს არაფერი აქვს საერთო მასის დიდი ნაწილის სურვილთან, პირიქით კოლექტივი არა პერესტროიკის სუბიექტი, არამედ მისი ობიექტი აღმოჩნდა, რომელმაც პასიური ფსიქიკური პოზიციისათვის დამახასიათებელ მატრავმირებელ პირობებში განიცადა პერესტროიკასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება. საზოგადოების დიდი ნაწილი პერესტროიკის აქტიური მონაწილე არ ყოფილა. კანონმა პერესტროიკის შემდეგ დაკარგა ფსიქიკური რეგულატორისა და ორგანიზატორის ფუნქცია რადგანაც ახალ რეალობასთან მიმართებაში მისი ლეგალურობა დადგა ეჭვ ქვეშ.

ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ სოციალისტურ ქვეყნებში რელიგიური პრაქტიკა ხდება აკრძალული, კომუნისტები ანგრევენ ეკლესიებს, დევნიან სასულიერო პირებს, თუმცა ამავე დროს აქტიურად ქმნიან ახალ იდეალებს, ქმნიან ახალ ხელოვნურ მასას, ახალი იდეალებით, დოგმებით, იდეოლოგიური სისტემითა და აკრძალვებით. მთელი 70 წლის მანძილზე იდეალები ხშირად იცვლება, თუმცა იდეოლოგია რჩება უცვლელი, როგორც გარკვეული პრიორიტეტებისა და აკრძალვების სისტემა. რელიგიურ ადამიანს ცვლის საბჭოთა ადამიანის იდეა. სიტყვა „ქრისტიქნულს“ ცვლის სიტყვა „საბჭოთა“, რომელიც თავის მხრივ საკმაოდ კომპლექსურია და ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რომელიც ახასიათებს დიდ სოციალურ ინსტიტუციებს ამ სიტყვის ფროიდისეული გაგებით. ამით იმის თქმა მსურს, რომ კომუნისტების მიერ ფორმირებულ ხელოვნურ მასასაც გააჩნია ყველა ის სტრუქტურული ელემენტი, რომელიც რელიგიურ მასას გააჩნდა კომუნისტებამდე (ტერმინ მასის ფსიქოანალიტიკური გაგებით). თუმცა ცხადია ღმერთის, როგორც იდეალის ხატი მხედველობაში მისაღებ ცვლილებას განიცდის. კომუნისტებისათვის მთავარ იდეალს წარმოადგენს ლენინი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ იმარხება, ინახება მავზოლეუმში, რათა ხალხმა შეძლოს თავისი იდეალის ნახვა, თვალის შევლება განსხვავებით ღვთაებისაგან, რომელიც არის უხილავი და შესაბამისად სიმბოლური მნიშვნელობის მქონე იდეალი. ლენინი დაუმარხავი იდეალია, ინარჩუნებს თავის ფიზიკურ, მატერიალურ ასპექტებს, არ არის მოკლული და დამარხული, არ განიცდის ე.წ. დასაფლავების მუშაობას (Le travaille de sépulture), რომელიც  გლოვის მუშაობის ნორმალურ ფსიქიკურ დასასრულს უნდა უწყობდეს ხელს.  სტალინი კვდება და იმარხება, მაგრამ კომუნისტები ცდილობენ ლენინის სხეული შეინარჩუნონ მაქსიმალურად ცოცხალი სახით, როგორც ერთგავრი პრიმიტიული, ველური ღმერთი, ველური მამის ხატი. საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ პოსტ–საბჭოთა ქვეყნებში სრულიად განსახვავებული ვითარება სუფევს. გადატრიალებები მასის სოციო–ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთი სართო სოციოლოგიური ტერმინის „პერესტროიკის“ ქვეშე ერთიანდება. პერესტროიკა არ არის ბოლშევიკური რევოლუცია, რომელიც მამის ფიგურას, მეფეს და მის ოჯახს კლავს და თვითონ იკავებს მის ადგილს. პერესტროიკა, როგორც პოლიტიკური წყობის რადიკალური ცვლა გამოირჩევა იმით, რომ ის არაფერს არ სთავაზობს ხალხს, რაც მთავარია არ გულისხმობს არც იდეოლოგიურ სისტემებს, არც მიზანს თავის თავში და არც იდეალებს (განსხვავებით ბოლშევიკებისაგან, რომლებმაც მაქსიმალურად სწრაფად აღმართეს ახალი იდეალები, რომელბსაც რელიგიური იდეალი, მონოთეისტური ღმერთი უნდა ჩაენაცვლებინათ). პერესტროიკის მსხვერპლს კი წარმოადგენს ხალხები, რომლებიც პერვერტული ბუნების იდეალებისა და იდეოლოგიის სრულ დაქვემდებარებაში ცხოვრობდნენ ათწლეულების განმავლობაში, ხოლო პერესტროიკის შემდეგ სრული სიცარიელის წინაშე აღმოჩნდნენ. სიტყვა სიცარიელეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგანაც პერესტროიკა იყო სტიქიური სახის ნგრევა, რომელიც თავის თავში მიზანს არ გულისხმობდა და არც მომავლის კატეგორიას. პერესტროიკა ტრავმატიზმს მსურს დავუკავშირო რადგანაც  ეს იყო შემთხვევითი ნგრევა.  სწორედ პერესტროიკის შემთხვევითი ბუნება ქმნის მისგან მატრავმირებელი ძალის მქონე მოვლენას. ამრიგად, პერესტროიკა განსხვავებით რევოლუციისაგან, ხალხს არაფერს არ სთვაზობს არც იდეოლოგიის, არც იდეალებს.  პოსტ საბჭოთა ქვეყნები იწყებენ ცხოვრებას მატრავმირებელ და არასიმბოლიზირებად სიცარიელეში. განადგურებული იდეალების ადგილი სიცარიელემ დაიკავა.  თავს ნებას დავრთავ გამოვიყენო შემდეგი შედარება: ბოლშევიკებმა ერებს წაართვეს რელიგია, ღმერთი, როგორც იდეალი, ისევე როგორც ბავშვი შეიძლება მოწყვიტონ დედის მკერდს, მოუკლან ნამდვილი  დედა, მაგრამ სანაცვლოდ შესთავაზონ საწოვარა და ძიძა, რომელიც მას იხსნის გამანადგურებელი ფსიქოტური შფოთვისაგან, მაშინ როდესაც პერესტროიკის შემდეგ ერებმა ეს საწოვარაც და სუროგატი დედის ფიგურაც დაკარგეს (ხელოვნური ღმერთი, ლენინი დაიმარხა, მაგრამ მისი ადგილი არც ცოცხალ და არც მკვდარ იდეალს, არც ხილულ და არც უხილავ იდეალს აღარ დაუკავებია, დამარხული ლენინის ადგილმა შექმნა სიცარიელე პერესტროიკის შემდეგ) სანაცვლოდ კი მასას არაფერი მიუღია, რის გამოც მოვლენამ მატრავმირებელი ძალა შეიძინა.  პერესტროიკა განსხვავებით რევოლუციისაგან არ გულისხმობდა მასის მიერ საკუთარი იდეალების დესტრუქციას, ეს არ იყო გამოცდილება, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს იერიშს იდეალზე, მამის ფიგურაზე, ეს იყო იდეალის დაკარგვის გამოცდილება და არა მისი ძალადობრივი ფორმით გზიდან ჩამოცილების. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მასა (პერესტროიკის შემდეგ) მამის მკვლელი კი არ არის, არამედ დაობლებულია, წარმოადგენს მასას, რომელმაც მამა კი არ მოკლა (როგორც ეს ბოლშევიკებმა გააკეთეს), არამედ დაკარგა, მამა დაკარგა. სწორედ მამის ფიგურის უეცარი დაკარგვის და არა მისი მოკვლის გამოცდილება წარმოადგენს მატრავმირებელ მოვლენას, რომელმაც მამის კანონს, როგორც ფსიქიკური და ლტოლვითი ცხოვრების ორგანიზატორის ფუნქციის მუშაობას შეუქმნა საფრთხე.  აქ მსურს მოკლედ შევეხო მასის ერთგვარ ფსიქო–აფექტურ დინამიკას, რომელიც პერესტროიკის შემდეგ ცხადად დაიკვირვებოდა. უშუალოდ პერესტროიკის დროს და პერესტროიკის შემდეგ მასა განიცდის გარკვეულ მანიაკალურ მდგომარეობას, უმრავლესობას აქვს ტრიუმფის განცდა და ერთგვარ აფექტურ განმუხრუჭებას განიცდის (désinhibition affective maniaque) რაც შედეგად საზოგადოებაში ქაოსისა და დეზორგანიზაციის მიზეზი ხდება. მასა საბჭოური რეალობის ნგრევას ზეიმობს და სასწრაფოდ აღმართავს იდეალს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახით, რომლის პათოლოგიურ და მასიურ ინვესტიციასაც ეწევა.  პოსტსაბჭოური ეპოქის მეორე ფაზა ხასიათდება ერთგვარი სიჩუმით, სიმშვიდით. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ფაზა, რომელიც ჩემი აზრით, მიახლოებით 1997–1998 წლებამდე გრძელდება და რომლის დროსაც მოსახლეობა რეალობისადმი მელანქოლიური პოზიციით გამოირჩევა (position mélancolique), მომავალი ხდება წარმოუდგენელი.

დონალდ ვინიკოტის ფსიქოანალიტიკური თეორია ანტისოციალური ტენდენციების შესახებ განსაკუთრებით ფასეულია იმ მიზეზით, რომ ავტორი ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვს განასხვავებს, როგორც ნევროტიკი, ასევე ფსიქოტიკი ბავშვისგან და ქმნის ანტისოციალური ტენდენციების სრულიად ორიგინალურ, დამოუკიდებელ ფსიქოპათოლოგიას. კლინიკური განსხვავება  მდგომარეობს შემდეგში: ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვმა იცის, რომ საკუთარი უბედურებისა და ტანჯვის ნამდვილ მიზეზს წარმოადგენს დეპრივაციული გარემო, მაშინ როდესაც ფსიქოტიკი მოკლებულია ამ ცოდნას. ანტისოციალური ტენდენციების ბავშვთან მე საკმარისად ფორმირებულია იმისათვის, რომ „გააცნობიეროს“  ფსიქიკური პრობლემების მიზეზი (ბავშვმა იცის თუ ვინ არის დამნაშავე), რაც მას ფსიქოზისაგან იხსნის, რადგან ფსიქოზის დროს მე ფორმირებას ვერ ასწრებს, ტრავმატიზმი მეს მინიმალურ ინტეგრაციას დროში უსწრებს წინ.   ცოდნა არასრულფსოვანი გარემოს, როგორც ტანჯვისა და პიროვნული დეზინტეგრაციის მიზეზის შესახებ, ბავშვს „მორალურ“ უფლებას ანიჭებს ანტისოციალური, ამორალური ქცევით მოითხოვოს ყურადღება და სიყვარული, ე.ი. დახმარება, განკურნება.

რადგან ანტისოციალური ტენდენციების ბავშვის თვითდიაგნოსტიკა პრობლემების გამომწვევი ეტიოლოგიური ფაქტორების ზუსტ იდენტიფიკაციას გულისხმობს და გარემოსაგან ითხოვს შველას, ვინიკოტის აზრით, ამ ბავშვის ფსიქოთერაპევტის ფუნქციაც სწორედ გარემომ, სოციუმმა და არა მხოლოდ ანალიტიკოსმა უნდა იკისროს. თუ ბავშვი გადის ანალიზს, მაშინ ანალიტიკოსი ტრანსფერის ბავშვის ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოზე გადანაწილებას უნდა ცდილობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვინიკოტი ანალიტიკოსებს ურჩევს მორალურად მოემზადნონ შოკისთვის, რომელსაც კანონდამრღვევი ბავშვი თუ მოზარდი ნევროტული სტრუქტურის მქონე ანალიტიკოსს განაცდევინებს.

დანიელ ლაგაში (1903–1972)

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, სფრანგეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისა და შემდგომში საფრანგეთის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფუძემდებელი, ჟაკ ლაკანის ერთ–ერთი თანამებრძოლი, დანიელ ლაგაში ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგიის ბრწყინვალე წარმომადგენელია. ლაგაშის შრომები ეძღვნება ჰალუცინაციების მეტაფსიქოლოგიურ გაგებას, ფსიქოტურ დეპრესიასა და მელანქოლიას და ა.შ.. ნაშრომი „ფსიქოანალიზი“[1] შეფასებულია, როგორც სიზუსტისა და აკადემიურობის მაგალითი ფსიქოანალიზში. ლაგაშმა ფსიქოანალიზი უნივერსიტეტის ფარგლებში განავითარა, საუნივერსიტეტო საგნად აქცია. სორბონას უნივერსიტეტში ლაგაშმა შექმნა ლაბორატორია, რომელიც სოციალური მოვლენების ფსიქოანალიტიკურ კვლევას ემსახურებოდა. სწორედ ამ კვლევით ცენტრში შეისწავლიდა ლაგაში კრიმინალურ პიროვნებასა და კრიმინალურ ქცევას. ადამიანთან კრიმინოგენეზის საკითხს ლაგაში მრავალ კვლევას უძღვნის. მოცემულ ნაშრომში მხოლოდ მოკლედ განვიხილავთ ლაგაშის ზოგიერთ იდეასა და კლინიკურ მიგნებას კრიმინალის პიროვნებასთან დაკავშირებით. ანჯელო ჰესნერი ნაშრომში „დანაშაულის ფსიქოლოგია“[2] (ლაგაშის მიერ 1950 წელს კრიმინოლოგიის საკითხისადმი მიძღვნილ პარიზის საერთაშორისო კონგრესზე წარდგენილ სტატიას განიხილავს[3].

დანიელ ლაგაში განსხვავებით ვინიკოტისა და კლაინისაგან ზრდასრული კრიმინალის მეტაფსიქოლოგიურ პორტრეტს ქმნის და ფსიქოპათოლოგიისა და კლინიკის ტერმინებში აღწერს მას. თუ ფროიდს აინტერესებს არაცნობიერი კრიმინოგენული ტენდენცია ნევროტიკთან ლაგაშის კვლევის საგანს დანაშაულის რეალური განხორციელების ფსიქოდინამიკა წარმოადგენს.

ლაგაშის აზრით, კრიმინალური ტენდენციების მიზეზი სოციალიზაციისა და იდენტიფიკაციის დარღვევების დონეზე უნდა ვეძიოთ. სოციალიზიაციის პირველი პერიოდი დაკავშირებულია დედასთან, როგორც პირველად ობიექტთან, სხვასთან, მეორე ადამიანთან ურთიერთობის საწყის ფორმასთან. იდენტიფიკაციის დარღვევებში იგულისხმება პირველადი იდენტიფიკაცია და არა ოიდიპალური. ლაგაში საუბრობს დარღვევებზე, რომლებსაც თანამედროვე ფსიქოპათოლოგიაში უწოდებენ ნარცისტულ და იდენტურობის აშლილობებს (Troubles narcissique-identitaires).

კრიმინალის პიროვნების მთავარ ნიშანს წარმოადგენს ეგოცენტრიზმი: კრიმინალს მორალური ბუნების პრობლემაზე მსჯელობა მხოლოდ პირად, ნარცისტულ პოზიციაზე დაყრდნობით შეუძლია. სხვის ადგილზე საკუთარი თავის მოაზრების ფსიქიკურ უნარს არის მოკლებული. კრიმინალის მიზნები, ისევე როგორც სექსუალური ობიექტები ნარცისტული და ნაწილობრივი (ე.ი. პერვერტული) ხასიათის არის. ის მეორე ადამიანისადმი ყოველთვის კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა და მიდრეკილია დაადანაშაულოს სხვა. პასუხისმგებლობისა და ბრალის გრძნობის დეფიციტის გავლენით დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კრიმინალი სასჯელზე რეაგირებს, როგორც უდანაშაულო.

კრიმინალის კლინიკური პორტრეტის მეორე ნიშანია პიროვნული უმწიფრობა, რაც გამოიხატება შემდეგში: კრიმინალს არ აქვს აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროში გადავადების უნარი, მაშინაც კი თუ დაკმაყოფილება პირდაპირ კავშირშია სხვათა უფლებებისა და უსაფრთხოების დარღვევასთან ან მოსალოდნელ სასჯელთან. კრიმინალი მსჯელობის, თვითკრიტიკისა და ემოციების კონტროლის შსაძლებლობების უკმარისობას განიცდის. წარსული გამოცდილება (მაგალითად სასჯელი) არ არის კავშირში კრიმინალური აქტების სამომავლო განხორციელების კლებასთან (რეციდივისტი–აკვიატებული განმეორება). სასჯელი, როგორც ფსიქოსოციალური გამოცდილება და იურიდიული აქტი კრიმინალის ფსიქიკურ ცხოვრებაში ადგილს ვერ იმკვიდრებს.

ლაგაში აღწერილ პიროვნულ ნიშნებს ანზოგადებს და მათ განიხილავს კრიმინალის მეორე ადამიანთან ურთიერთობის კონტექსტში. საქმე ეხება სხვებისა და საერთო–კოლექტიური ფასეულობების უარყოფას ინდივიდუალური მოთხოვნილებებისა და დომინანტური ტენდენციების სასარგებლოდ. კრიმინალი პრიმიტიული და არქაული მოთხოვნილებების კარნახით მოქმედებს. კრიმიალის გულგრილი დამოკიდებულება საერთო ღირებულებებისადმი არ ნიშნავს იმას, რომ ის არ განციდის წესებისა და აკრძალვების გავლენას, რომელთა მიხედვითაც გეგმავს საკუთარ ქცევას. საქმე ეხება, აკრძალვებისა და წესების პერვერტულ, კრიმინალურ ვერსიას (მაგალითად ქურდული კანონი, მაფია და ა.შ.). ის რასაც უტევს კრიმინალი არის კონკრეტულ სოციუმში აღიარებული აკრძალვებისა და ფასეულობების სისტემა, ხოლო მისი მეს მომწიფების მინიმალური ხარისხი, საკმარის ფსიქიკურ რესურსს ქმნის კანონის კრიმინალური ვერსიის შექმნისთვის.

ლაგაშის აზრით, რადგან კრიმინალი იდენტიფიკაციის პრობლემებს განიცდის, ყოველთვის ეძებს არამყარი იდენტიფიკაციისათვის საყრდენს. კრიმინალი ეძებს ჯგუფს, ბანდას, სადაც კანონსაწინააღმდეგო ტენდენციების ლეგალიზაციას მოახდენს და იდენტიფიკაციას გაიმყარებს[4]. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით დანაშაული საზოგადოებაში თვითდამკვიდრების პათოლოგიურ ფორმას წარმოადგენს[5].  ლაგაში მიიჩნევს, რომ იდენტიფიკაციის დეფიციტის კომპენსაციას კრიმინალთან მისი ჰეროიკული იდენტიფიკაცია ახდენს. კრიმინალი ხშირად გმირთან არის იდენტიფიცირებული.

 

კრიმინალური აქტის ფსიქიკური დეტერმინაცია ლაგაშის მიხედვით

რაში მდგომარეობს კრიმინალური აქტის ფუნქცია და მნიშვნელობა? ანჯელო ჰესნერი ლაგაშის იდეებზე დაყრდნობით ცდილობს დაადასტრუროს კრიმინალური აქტის უკიდურესად ირაციონალური ბუნება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ლოგიკურ–რაციონალურ ახსნას ვერ პოვებს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კითხვა, რომელსაც ბრალდებულს დამტკიცებული ჩადენილი დანაშაულის შესახებ უსვამენ, სწორედ დანაშაულის მოტივების იდენტიფიკაციას ისახავს მიზნად. ხშირ შემთხვევაში დასახელებული მოტივაციის სიმსუბუქე არაპროპორციულია ჩადენილი დანაშაულის სისასტიკესთან და სიმძიმესთან მიმართებაში. ხშირად აქტი გამოიყურება, როგორც ყოველგვარ მოტივაციას მოკლებული. შესაძლოა დანაშაულის მოტივაციის იდენტიფიცირება, თუმცა ის თუ რას განიცდის ინდივიდი მისი აღსრულების მომენტში „მოტივაციის ფსიქოლოგიის“ ფარგლებს სცდება. დანიელ ლაგაშისათვის რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება ე.წ. პასაჟი აქტისკენ (passage à l’acte). ლაგაშის აზრით, დანაშაული, როგორც ფასეულობათა კონფლიქტის გამოხატულება წარმოადგენს ადამიანური არსებობის განცალკევებულ სტრუქტურას. კრიმინალი მოტივირებულია არაცნობიერი ტენდენციებით, ისევე როგორც ამ ტენდენციების ობიეტი და მიზანიც არის არაცნობიერი: „მეს აქტივობა გაჟღენთილია პარაზიტული, არაცნობიერი მოტივაციებით, ისევე როგორც ნევროტული სიმპტომები და მცდარი ქმედებები“[6] დანიელ ლაგაშისთვის კრიმინალური აქტი არაცნობიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების განსაკუთრებული ფორმა, განსაკუთრებული მანერაა, რომელიც დაკმაყოფილების პროცესის დრამატიზაციას წარმოადგენს და ფსიქიკურ კონფლიქტს გამოხატავს კონკრეტული ქმედების განხორციელების დონეზე.  კრიმინალური აქტის მისტიური, ბურუსით მოცული მნიშვნელობა გულისხმობს ყოვლისშემძლეობის განცდის პრიმიტიულ ეგზალტირებულ ფორმას. დესტრუქცია ხდება ფსიქიკური აუცილებლობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ლაგაში თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუ კრიმინალს აუკრძალავენ კონფლიქტის ქმედების დონეზე რეალიზაციას, ან თუ ფიზიკური გარემო მას არ მისცემს ამის შესაძლებლობას, ნარცისტული ყოვლისშემძლეობის ტრიუმფს ცვლის მძიმე დეპრესიული მდგომარეობა, პანიკა ან სტუპორის (stupeur) განცდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება თქვას, რომ ლაგაშისთვის კრიმინალური აქტის მომწიფებისა და განხორციელების ფსიქიკური პროცესის შეჩერება სუბიექტს არ ძალუძს. გამოთქმა „ფსიქიკური აუცილებლობა“ ინდივიდს გამოსავალს არ უტოვებს. დესტრუქცია აუცილებლობისა და თვითგადარჩენის ლოგიკას ექვემდებარება.

ლაგაშის აზრით, კრიმინალი არაცნობიერი წნეხისაგან (დაძაბულობა) თავს იცავს შინაგანი კონფლიქტის გარეგანი აჟიტაციის (en agissant son conflit au dehors) გზით. ე.ი. ფსიქიკური ეკონომიის (ლტოლვითი ბუნების ტენდენციების ინტენსივობა და რაოდენობრივი ასპექტი) შინაგან რეგულაციას (მაგალითად სიმპტომის  ან სიზმრის მუშაობის გზით) გარეგანი რეგულაცია ცვლის. ლაგაშის აზრით, კრიმინალს ჰეროიკული იდენტიფიკაცია შინაგანი კონფლიქტის ექსტერნალიზაციისათვის სჭირდება. დანიელ ლაგაშის აზრით, კრიმინალი არ წარმოადგენს ა–მორალურ ადამიანს, ე.ი. ადამიანს მორალის გარეშე. ის კრიმინალურ მორალს უწოდებს არქაულ სინდისს, არქაულ მორალს. არქაული მორალის გავლენით კრიმინალი პიროვნებათა შორის ურთიერთობებს განიცდის, როგორც სადო–მაზოხისტურს; ან თვითონ არის სადიზმის ობიექტი ან სხვა. ლაგაშის არქაული მორალის ცნება ძალიან ახლოს დგას მელანი კლაინი პრიმიტიულ ორალურ–სადისტურ ზე–მესთან.

 

აგრესია და ნარცისიზმი

დანიელ ლაგაში განიხილავს ფრუსტრაციისა და აგრესიის როლს კრიმინალური ტენდენციების კონტექსტში. საქმე ეხება ფრუსტრაციასა და აგრესიას, რომელსაც ბავშვი განიცდის დედის პირველად ობიექტთან ურთიერთობის დროს ჩვილობის ასაკში.  ისევე როგორც მელანი კლაინი და ვინიკოტი, დანიელ ლაგაშიც კრიმინალური ტენდენციების ფესვებს დედის ობიექტთან არქაული ურთიერთობების დონეზე ხედავს. დედისა და ბავშვის პირველადი ურთიერთობები გულისხმობს ყოვლისშემძლე დედას, რომელზეც ბავშვი მთლიანად არის დამოკიდებული და ბავშვის მოთხოვნილებებს, რომლებიც განიცდება, როგორც პარაზიტული. კონფლიქტი იქმნება დედასა და ბავშვს შორის მოთხოვნილებებისა და დაკმაყოფილების (პოზიტიური ან ნეგატიური პასუხის) რეციპროკული ურთიერთობების ფარგლებში. პირველი ადამიანი, რომელიც არის არა მე, რომელიც განასახიერებს პირველ სხვას (Le premier Autre) არის ყოვლისშემძლე დედის ობიექტი, რომელთანაც ბავშვი იდენტიფიცირდება, რათა თავი დააღწიოს სხვაზე აბსოლუტური დამოკიდებულებისა და უსუსურების განცდას. ამ იდენტიფიკაციის საფუძველზე ბავშვთან იქმნება ყოვლისშემძლეობის ნარცისტული ფანტაზმი, რომელიც სწორედ უსუსურების კომპენსაციის ფუნქციას იძენს. დედის ნეგატიური პასუხი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ბავშვის პირველად ნარცისტულ სტრუქტურასა და ყოვლისშემძლეობის ფანტაზმს საფრთხეს უქმნის, ის კვლავ განიცდის მტკივნეულ დამოკიდებულებას სხვაზე და დედას, რომელიც დროულად ვერ პასუხობს ბავშვის ძახილს დაკმაყოფილებაზე, ნარცისტული მრისხანების ობიექტად აქცევს. პირველადი ნარცისტულ–მაზოხისტური პოზიცია დომინანტური ხდება. ბავშვი იდენტიფიცირდება ყოვლისშემძლე და მაფრუსტრირებელ დედასთან, რომელზეც აგრესიის პროექციას ახდენდა. დესტრუქციული პროექციებით გაჯერებულ ობიექტთან იდენტიფიკაცია ინდივიდს მეორე ადამიანისადმი (ყოვლისშემძლე და მაფრუსტრირებელი დედის შემდგომი რეპრეზენტაციები) სიძულვილით განაწყობს. პირველადი სიტუაცია დედასა და ბავშვს შორის შებრუნებული ხდება: ბავშვი, შემდგომში ზრდასრული, თვითდამკვიდრების მიზნით უარყოფს სხვას, სხვის უფლებებს და ა.შ. მეორე ადამიანის განადგურებამ პრიმორდიალური უსუსურების მდგომარეობაში დაბრუნებისაგან უნდა იხსნას ინდივიდი. სხვაზე დომინირება პირველადი ნარცისტულ–მაზოხისტური პოზიციის შებრუნებული ვარიანტია და მეორე ადამიანზე ტრიუმფსა და მასზე განხორციელებულ სადიზმს გულისხმობს. ინდივიდი მე–იდეალისა და მისი ყოვლისშემძლეობის ფანტაზმის გავლენით მოქმედებს. თვითდამკვიდრება ავტომატურად გულისხმობს მეორე ადამიანის უარყოფას, რასაც კრიმინალი მუქარითა და ძალადობით გამოხატავს. ადამიანი, რომელიც არის მუქარისა და ძალადობის ობიექტი პრეისტორიული ნარცისტული ჭრილობისა და ყოვლისშემძლე ობიექტის რეპრეზენტაციაა, რომელსაც არსებობის უფლება არ აქვს. სადიზმის ინტენსივობის ზრდა, რომელიც ძალადობის ფორმებს იღებს ინდივიდს ე.წ. უმწეობის შფოთვისაგან იცავს. შფოთვის ბუნება პრიმიტიულია და გულისხმობს არქაული, ჩვილობის ასაკისათვის დამახასიათებელი უსუსურების მდგომარეობაში დაბრუნების ავისმომასწავებელ ფანტაზმს[7].

დანიელ ლაგაში საუბრობს ფრუსტრაციის მნიშვნელობაზე, რომლის ფსიქოპათოლოგიაც განსხვავდება ზოგადად მაფრუსტრირებელ გარემოზე ნორმალური ნევროტიკის რეაქციისაგან. ლაგაშის აზრით, ფრუსტრაცია უნდა განიხილებოდეს კრიმინალის პიროვნების პარანოიული სტრუქტურის კონტექსტში (პარანოიული სტრუქტურა ჯერ კიდევ არ ნიშნავს პარანოიას, როგორც ფსიქოზის ერთ–ერთ ფორმას). კრიმინალური პიროვნების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარე, ე.ი. მექანიკური ბუნების ფრუსტრაცია. როდესაც ფრუსტრაციის მიზეზი არის არა სიამოვნების მიღებაზე შინაგანი ნევროტული აკრძალვა, არამედ გარემო და შესაბამისად დედის პირველი ობიექტი. ფრუსტრაცია, რომელიც გარემოდან იღებს სათავეს და ყოველთვის დაკავშირებულია მეორე ადამიანთან, მისგან ქმნის მტრის ხატს. გარე ფრსუქტრაცია ამ შემთხვევაში წარმოადგენს ძლიერად ინვესტირებული სურვილების დაკმაყოფილებაზე უარის მიღების გამოცდილებას, ხოლო უარის სათავე ლაგაშის აზრით ყოველთვის მეორე ადამიანია (ისევე როგორც ჩვილობის ასაკში). კრიმინალი, რომელიც მეორე ადამიანისაგან (ან მისი განზოგადოებული ვერსიისაგან, კოლექტივისგან) ითხოვს პოზიტიურ პასუხს სურვილის დაკმაყოფილების შინაგან იმპერატვივზე, სწორედ ამ თხოვნის ფაქტით ანიჭებს კიდეც ძალაუფლებას სხვას: მეორე ადამიანს შეუძლია მოთხოვნას უპასუხოს პოზიტიურად ან პირიქით, იმედი გაუცრუოს კრიმინალს. ე.ი. მეორე ადამიანი კრიმინალის პარანოიული წარმოსახვის ნაწილი ხდება და ყოვლისშემძლეობის თვისებას იძენს. მოთხოვნა უარის შემთხვევაში ძალადობრივი ხდება, რადგან კრიმინალი პრიმიტიული შფოთვით პასუხობს უარს[8]  უარის მთქმელის წარმოსახვითი თუ რეალური რეპრეზენტაცია ყოველთვის გულისხმობს მშობლის პრიმიტიული იმაგოს ანარეკლს. კრიმინალის მიერ უარი განცდილია, როგორც მარცხი, იწვევს უსუსურების განცდას და პერსეკუციის შფოთვას. ე.ი. კრიმინალისა და მსხვერპლის ურთიერთობის პარანოიზაცია ხდება. მსხვერპლი პერსეკუტორის პოზიციას იკავებს და უარით კრიმინალს ფსიქიკური კატასტროფის წინაშე აყენებს. ლაგაშის აზრით, ასეთ შემთხვევაში თვით სურვილი ხდება აგრესიული. სურვილი სიძულვილსა და დესტრუქციულ ტენდენციებს ერწყმის (მაგალითად გაუპატიურება). ლაგაში ხაზს უსვამს, რომ რეალობა რომელსაც სურვილი ეჯახებ, როგორც ბარიერს, არასდროს ასახავს მატერიალური საგნების რეალობას, არასდროს არის ფიზიკური ბუნების[9]. საქმე ეხება ყოველთვის ადამიანთაშორის ურთიერთობებსა და ძალაუფლებას ინტერპერსონალურ კონტექსტში. ლაგაში დარწმუნებულია, რომ ფრუსტრციის წყარო, თუნდაც ის სათავეს იღებდეს წმინდად ფიზიკური გარემოდან (მაგალითად წვიმა), კრიმინალის მიერ მაინც განიცდება, როგორც მეორე ადამიანთან დაკავშირებული. ე.ი. ფრუსტრაციის წყარო ყოველთვის ადამიანია. ფიზიკური, თუნდაც „მეტეოროლოგიური ფრუსტრაციის“ შემთხვევაში კრიმინალი ყოველთვის ეძებს მეორე ადამიანს აგრესიის პროეცირებისათვის. ფრუსტრირებულის კონცეფცია, სხვაზე სამუდამოდ დამოკიდებულის თვითაღქმა, ფიზიკური გარემოსა და ბუნებრივი მოვლენების ანთროპომორფულ ანიმაციას განაპირობებს.

აღწერილი პარანოიული ფანტაზმების გავლენას ნევროტიკიც განიცდის, თუმცა ის განდევნის მათ. განდევნის მექანიზმის მოშლა პარანოიული სტრუქტურის ინდივიდთან დესტრუქციულ პროექციას უხსნის გზას. ნევროტიკთან დესტრუქციული ფანტაზმები შიდაფსიქიკური რეალობის მოდიფიკაციას ახდენენ (აუტოპლასტიკური რეაქცია), ხოლო კრიმინალთან გარემოს შეცვლის, ე.ი. სურვილის დაკმაყოფილების ბარიერების გზიდან ჩამოცილების ტენდენციას შობს (ალოპლასტიკური რეაქცია).

 

 

პრობლემის გადაჭრის თეორიული გზა

თერაპია

ფსიქოანალიტიკური თეორია და პრაქტიკა, ანალიტიკური კონცეპტები და ტექნიკა განუყოფელ კავშირშია ერთმანეთთან, ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. თუ განვიხილავთ თეორიულ კონცეპტს ეს იმას ნიშნავს, რომ განვიხილავთ ფსიქოანალიზის ტექნიკურ ასპექტებსაც და პირიქით. ანალიტიკურ კლინიკაზე დაფუძნებული თეორიული შეხედულებები წარმოდგენილია თავში, რომელსაც ქვია „ლიტერატურის მიმოხილვა“ აქ კი მოკლედ აღვწერთ სირთულეებს, რომელსაც ფსიქოანალიზი აწყდება ანტისოციალური ტენდენციების მქონე პაციენტებთან მუშაობის დროს. განვიხილავთ ზოგიერთ ტექნიკურ წესს დანიელ ლაგაშის[10] მიხედვით. კრიმინალური პიროვნებისთვის  (la personnalité criminelle) დამახასიათებელი ზოგიერთი კლინიკური ნიშანი ანალიტიკურ მკურნალობას ამ ტიპის პაციენტებთან უკიდურესად ართულებს: სუსტი მე ეგოცენტრიზმისა და უმწიფრობის ნიშნებით, ზე–მეს ანომალიები (არქაული და სადისტური ზე–მე), მეორე ადამიანთან ურთიერთობის სადო–მაზოხისტური ლოგიკა, სადაც ერთი ადამიანი მეორეს აზიანებს და პირიქით, არაგულახდილობა, განკურნების სურვილის არარსებობა, ისევე როგორც დაავადებისა და საკუთარი ფსიქიკური პრობლემების შესახებ თვითცნობიერების არარსებობა, თვითრეფლექსიისა და თვითკრიტიკისადმი ზიზღი, აფექტური გაუწონასწორებლობა, დესტრუქციული ტრანსფერი და ა.შ. წარმოადგენს კლინიკურ მიზეზებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლის კლასიკური ფსიქოანალიტიკური ტექნიკისა და ინტერვენციისათვის დამახასიათებელ ფორმას ამ ტიპის პაციენტებთან მუშაობის დროს. დანიელ ლაგაში საუბრობს პოზიტიური ურთიერთობების დამყარების პრეანალიტიკურ ეტაპზე. იგულისხმება ანალიტიკოსის პირველი შეხვედრა პაციენტთან და რამოდენიმე სეანსი პირისპირ. ანალიტიკოსი პირველი ფაზის განმავლობაში ნეიტრალურ ობიექტს არ უნდა წარმოადგენდეს, რომელიც მხოლოდ უსმენს. მაგალითად, ის უნდა განასახიერებდეს ყოვლისშემძლე და კეთილგანწყობილ არსებას: ხშირ შემთხვევაში ანტისოციალური ქცევის მქონე ინდივიდმა ბავშვობაში განიცადა დამღუპველი გამოცდილება ისეთ ფსიქო–სოციალურ სიტუაციაში, სადაც ის ელოდა დახმარებასა და მხარდაჭერას მეორე ადამიანისაგან, რომელსაც ის ანიჭებდა ყოვლისშემძლეობის თვისებას; განვითარების შემდგომ სტადიებზე მისი მე მერყეობდა ყოვლისშემძლეობის განცდასა და უსუსურების, აგრეთვე არასრულფასოვნების განცდას შორის; ბავშვი მადლიერების პათოლოგიური გრძნობით არის განწყობილი დაუნდობელი გარემოსადმი, რომელიც მას მოცემულ მომენტში ემუქრება განადგურებით და მასში პანიკური შფოთვის მობილიზაციას ახდენს. პანიკას ბავშვი ხელიდან აგრესიული ქცევით უსხლტება, ფსიქიკური კატასტროფისგან აგრესიით იცავს თავს. ანალიტიკური სივრცე, სადაც მატრავმირებელი გამიცდილების განმეორება დაუშვებელია და აღკვეთილი, პაციენტს არწმუნებს ფსიქოანალიტიკოსის კეთილგანწყობაში და ყოვლისშემძლეობაში. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი ნარცსიტული ყოვლისშემძლეობის განცდის ანალიტიკოსზე პროექციის, რის განხორციელების შესაძლებლობაც მშობლებისა და ავტორიტეტების ობიექტებზე მას არ მისცემია. ანალიტიკოსის თავშეკავება და გულგრილობა პაციენტის სადო–მაზოხისტური მიდრეკილებების ფრუსტრაციას უნდა ახდენდეს. უარს უნდა ეუბნებოდეს მას დაკმაყოფილების ძალადობრივ ფორმებზე, ე.ი. საკუთარ თავს არ უნდა სთავაზობდეს პაციენტის სადიზმს, ისევე როგორც მისი მაზოხიზმი არ უნდა დააკმაყოფილოს აგრესიული „ინტერპრეტაციებით“. რეზულტატი, რომელსაც ანალიტიკოსი პირველი ფაზისაგან პოზიტიური ტრანსფერის სასარგებლოდ ელის არის აგერსიულობის შფოთვით ჩანაცვლება. ე.ი. შფოთვა წარმოადგენს აუცილებელ მოკავშირეს ანალიტიკოსისთვის. შფოთვა ფსიქიკის ნევროტიზაციას ახდენს და აგრესია კლებულობს. პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ, პაციენტი მზად არის დაიწყოს რეგულარული ფსიქოანალაიზი ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. პაციენტი იგზავნება ხანგრძლივი ანალიზისათვის მეორე ანალიტიკოსთან, რომელიც ითვალისწინებს  გამოგზავნილი პაციენტის დაკმაყოფილების გამოცდილებას პირველ ანალიტიკოსთან და რთულ პირობებში აგრძელებს მასთან მუშაობას ფსიქოანალიზის ფუნდამენტური წესების დაცვით.

პრობლემის პრაქტიკული გადაჭრის გზა

პრევენცია

ანტისოციალური ტენდნეციების პირველადი ნიშნების იდენტიფიცირება პრევენციის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, რათა ამ ტენდენციებმა ჩამოყალიბებული ფსიქოპათიის სახე არ მიიღოს. ანტისოციალური ტენდნეციების მქონე ინდივიდი, როგორც ფსიქიკურ, ასევე იურიდიულ და ინსტიტუციონალურ ფაზებს გაივლის. ანტისოციალური ტენდენციის პირველი  ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ბავშვი ან ანალიტიკოსის პაციენტი ხდება, ან მშობლები აკითხავენ მედიკო–ფსიქოლოგიურ ცენტრს, პრევენციული მიზნების მქონე დაწესებულებებს და ა.შ. მეორე ფაზა ჩამოყალიბებულ ანტისოციალურ ქცევებს გულისხმობს და ასეთ შემთხვევაში სკოლა იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მკურნალობის შესახებ და ბავშვი აკითხავს პედოფსიქიატრს, მეტ–ნაკლებად მკაცრი შინაგანაწესის მქონე აღმზრდელობით დაწესებულებას და ა.შ. მესამე ფაზას მოზარდობის ან ზრდასრულობის ასაკში წარმოადგენს ფსიქოპათია და კრიმინალური, კანონსაწინააღმდეგო ქცევის ფორმირება. ასეთ შემთხვევაში კარი, რომელიც ამ ინდივიდისთვის იღება არის არა ანალიტიკოსის კაბინეტის ან მედიკო–ფსიქოლოგიური ცენტრის,  არამედ ციხის.  საზოგადოება, რომელიც ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვს უწოდებს აგრესიულს, აღუზრდელს, საშიშს და არ გააჩნია რესურსი შესთავაზოს მას ადგილი, ცენტრი, უფასო ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ უმოკლებს მას ციხეში მისასვლელ გზას, მაშინ როდესაც დასავლეთში ეს გზა, როგორც ზემოთ აღვწერეთ ძალიან გრძელია და ჩახერგილი ათასგვარი პრევენციული თუ სამკურნალო ზომებით. კანონსაწინააღმდეგო ქცევა უნდა ისჯებოდეს, თუმცა სასჯელი უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ზომას, მას შემდეგ რაც სხვა მეთოდებმა მარცხი განიცადეს. თბილისის საჯარო სკოლებში გახშირებული ძალადობა მოზარდთა შორის წარმოადგენს საზოგადოების ნამდვილ სიმპტომს, რომლის უკანაც ცხადია დაავადება დგას. ამ დაავადების ეტიოლოგია სავარაუდოდ იმდენად კომპლექსური ბუნების არის, რომ მოითხოვს არა ერთ, არამედ რამოდენიმე მულტიდისციპლინარულ კვლევას. მკვლევარს პრევენცია, როგორც თვითმიზანი პრობლემის რეალური მიზეზების იდენტიფიცირებაში არ უნდა უშლიდეს ხელს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის საზოგადოებრივ დისკურსს უნდა გაემიჯნოს და მოუსმინოს კრიმინალს ან ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვს, მის მშობლებს, სანათესაოს, გაიგოს რაც შეიძლება მეტი მისი ცხოვრებისა და მატრავმირებელი გამოცდილების შესახებ, მისი მშობლების ცხოვრების შესახებ, ოჯახის სტრუქტურის შესახებ და ა.შ.  აგრესიასა და ანტისოციალურ ქცევას შორის სტატისტიკური კორლაციის დადგენა სტანდარტული ტესტებით ითვალისწინებს არა ამ ქცევის მქონე ბავშვის ინტერესებს, არამედ სოციალური დეზორგანიზატორების მართვისა და დროული იდენტიფიკაციის სოციო–პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება. ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვის უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ნაცვლად სიყვარულისა, რომლის მომაკვდინებელ დეფიციტსაც განიცდის, გარემოსაგან აღმზრდელობითი ზომებით შენიღბულ დასჯასა და აგრესიას იღებს, აგრესიას, რომელსაც ცხადია თვითონ აღძრავს სხვაში. კრიმინალი და აგრესიული ქცევით გამორჩეული ბავშვი საზოგადოებას, სკოლას, დედ–მამას ნარცისტულ ჭრილობას აყენებს და საპასუხო აგრესიის ობიექტი ხდება. რას სთავაზობს ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვს დღეს საზოგადოება, სახელმწიფო, საგანმანათლებლო სისტემა? გარადა მანდატურის ფიგურისა, რომელიც არის მკაცრი ზე–მეს რეპრეზენტაცია, სთავაზობს თუ არა საზოგადოება ბავშვს ვინიკოტისეულ დედის მკლავებს, რომელმაც უნდა ატაროს ის? საინტერესოა ვის მკლავებში იმყოფება თანამედროვე საქართველოში ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვი, ვის უჭირავს ის? თუ არავის და ენარცხება ძირს, როგორც ნარცისტული დედის კოშმარში ჩვილი ბავშვი?  მორალური სადიზმი არ არის ანტისოციალური ქცევა, თუმცა ხშირად გამოიყენება ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვის „მოსარჯულებლად“. ფსიქიკური (წმინდად კლინიკური), სოციოლოგიური და სხვა ტიპის პრობლემების მორალიზაცია, მათი კარგისა და ცუდის ტერმინებში განხილვა ამცირებს ბავშვებთან და მოაზრდებთან დაკავშირებული პრობლემების რეალური მიზეზების გაგების შანსს. მკვლევარის დამოუკიდებლობის ხარისხი სოციო–პოლიტიკური დისკურსისაგან აუცილებელი პირობაა ისეთი ენიგმატიკური ფენომენის გასაგებად, როგორიც არის მკვლელობა სკოლაში, ოჯახის წევრის მკვლელობა სოფლებში, რეგიონებში და ა.შ. ანტისოციალური ტნდენციების მქონე ბავშვი, მოზარდი ან ფორმირებული კრიმინალი წარმოადგენს პარაზიტს საზოგადოების სხეულზე, რომლისგანაც საზოგადოება არანაკლებ ძალადობრივი ფორმით თავისუფლდება. დემოკრატიული, დასავლური ტიპის საზოგადოების იდეალი ჩვენს ქვეყანაში ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვისთვის ადგილს არ ტოვებს (იდელი არ ტოვებს ადგილს და არა დამყარებული დემოკრატია). ევროპული და ცივილიზებული ქვეყნის იდეალი გამორიცხავს ყველა ელემენტს სოციო–კულტურული რეალობიდან, რომელიც ამ იდეალის მდგრადობასა და სიცოცხლის უნარიანობას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს. ერთ–ერთ ასეთ ელემენტს წარმოადგენს ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვი ან მოზარდი სკოლაში. ამიტომ იტყვიან ხოლმე: „გაირიცხა სკოლიდან“, ე.ი. საზოგადოებიდან. ფსიქოლოგს, თუ ის პრევენციაზე ფიქრობს და თუ მან ყური მოკრა ფრაზას „გაირიცხა სკოლიდან“, მხოლოდ ერთადერთი კითხვა უნდა უჩნდებოდეს: „იქამდე ვიდრე მოსწავლე სკოლიდან გაირიცხებოდა რა ზომებს მიმართა სკოლის დირექციამ. რა ტიპის უფასო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ქონდა ბავშვს ან მოზარდს სკოლიდან გარიცხავმდე? (ცხადია არ იგულისხმება თბილისის ცენტრში განთავსებული ერთი–ორი სკოლა, რომლის ერთი–ორი დირექტორი საზოგადოების ცნობადი სახე შეიძლება იყოს).

Leave a Reply