Browse Tag by ეგვიპტური ფიქცია
.

გიორგი მაისურაძე – ეგვიპტური „ფანტაზია“

Velazquez, Joseph’s Coat, 1630

ფროიდის კომენტარი თომას მანის „იოსებსა და მის ძმებზე“

1936 წლის 29 ნოემბერს უკვე მძიმედ ავადმყოფმა ზიგმუნდ ფროიდმა საკმაოდ უცნაური შინაარსის წერილი მიწერა თომას მანს (1). ამ წერილით ფროიდი გამოეხმაურა თომას მანის ტეტრალოგიის „იოსების და მისი ძმების“ მესამე ნაწილს – „იოსები ეგვიპტეში“, რომელიც ზემოთხსენებულ წელს გამოქვეყნდა. წერილის დასაწყისშივე ფროიდი სინანულით აღნიშნავს, რომ იგი ალბათ ვეღარ მოესწრება რომანის დასრულებას და ამიტომაც სურს, რომ თომას მანს „გაესაუბროს“ და ამ თემაზე საკუთარი აზრები გაუზიაროს. თუმცა კი ფროიდის მხრიდან საქმე გვაქვს უფრო მის მონოლოგთან, ვიდრე საუბართან, რაზეც ის შეფარვით მიანიშნებს, როდესაც წერს, რომ იგი წერილის ადრესატისგან არც შექებას და არც „თავაზიან პასუხს“ არ ითხოვს. აქვე ფროიდი ერთი წინადადებით ამ წერილის დაწერის მოტივაციასაც განმარტავს: „ამ მცდელობას მე თავადვე არ ვიღებ განსაკუთრებით სერიოზულად, მაგრამ ის ისეთივე ვნებას აღძრავს ჩემში, როგორსაც მათრახის ტყლაშუნი მედროგეში“.

ამ „შესავლის“ შემდეგ იწყება ფროიდისეული ფანტაზია იოსების თემაზე, რომელიც, არა იმდენად თომას მანის რომანის ინტერპრეტაციას ემსახურება, არამედ იგი თავად ფროიდის პოეტური აზროვნების ნიმუშს წარმოადგენს, რომლის გაგებამ შეიძლება უფრო მეტი ნათელი მოჰფინოს, ერთი მხრივ, ფროიდის ეგვიპტური ფანტაზიის შინაარსს, მეორე მხრივ კი თავად ლიტერატურული ფანტაზირების ფორმას, როგორც ფროიდისეული ინტერპრეტაციის თავისებურ „მეთოდს“.

Portrait of Napoléon Bonaparte by Jean Auguste Dominique Ingres

იოსები vs. ნაპოლეონ ბონაპარტი

„არსებობდა ერთი ისტორიული პიროვნება, რომლისთვისაც იოსების ცხოვრება მითიური ნიმუში იყო, იმდენად, რომ მთელი მისი ცხოვრებისეული სურათის მიღმა იოსების ფანტაზიის (Josefphantasie), როგორც უხილავი დემონური მამოძრავებელი ძალის გამოცნობა დასაშვები იქნებოდა? მე მიმაჩნია, რომ ეს პიროვნებაა ნაპოლეონ I“ (2) , – წერს ფროიდი და იწყებს ნაპოლეონის ცხოვრების, როგორც ძველი აღთქმის პირველი წიგნის 37-50 თავებში მოთხრობილი იოსებისა და მისი ძმების ამბის ერთგვარი „პარალელური ბიოგრაფიის“ გამოსახვას, რომელიც მის თხზულებაში, ისევე, როგორც თომას მანის რომანი, ოთხი ნაწილისგან შედგება. „ის (ნაპოლეონი – გ.მ.) კორსიკელი იყო, მეორე ვაჟი მრავალ და-ძმათა შორის. მასზე წინ მყოფს და ძმათა შორის უფროსს ერქვა იოსები, და სწორედ ეს გარემოება, როგორც შემთხვევითი და აუცილებელი ერთმანეთს გადაეჯაჭვება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში, აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო. კორსიკულ ოჯახში პირველშობილობის უფლება განსაკუთრებული კრძალვითაა დაცული. ამგვარ კორსიკულ წეს-ჩვეულებას ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობაში დაძაბულობა შეაქვს. უფროსი ძმა ბუნებრივი კონკურენტია, რომლისკენაც უმცროსის სტიქიური, უსაფუძვლოდ ღრმად მტრული განწყობაა მიმართული, განაგრძეთ კითხვა