3 წლიდან 6 წლამდე პერიოდი.ოედიპოსის და კასტრაციის კომპლექსი.
რა არის ამ დროს მნიშვნელოვანი?
- პოზიტივით დამუხტვა
- დავეხმაროთ ბავშვს დაინახოს საკუთარი თავი ისეთად, როგორიც არის, რათა გაუჩნდეს წარმოდგენები საკუთარ თავზე. ვაჩვენოთ, თუ როგორ შეუძლია ცხოვრებაში საკუთარი უპირატესობების გამოყენება.
- გავაცნოთ სამყარო. რაც შეიძლება მეტი ვესაუბროთ ადამიანებზე და ყველაფერზე რაც ჩვენს გარშემოა.
- არავითარი ძალადობა!
- დისციპლინის და წესების შემოტანა მის ცხოვრებაში, რაც დაეხმარება გარე სამყაროს უკეთესად მოერგოს და დარმატებას მიაღწიოს.
I - პოზიტიივით დამუხტვა 3 წლის ასაკში ბავშვი გადის ინდივიდუალიზაციის ეტაპს, რაც ნიშნავს, რომ იცვლება მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე და სხვა ადამიანებზე. ადრე თუ დედას მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აღიქვამდა, ახლა ხვდება, რომ დედისგან განცალკევებით არსებობს. ეს ქმნის თავისუფლების განცდას, მაგრამ ასევე იწვევს შიშსა და შფოთვას. ბავშვი აცნობიერებს, რომ მთელი ცხოვრება მოუწევს დამოუკიდებლად არსებობა და სხვა ადამიანებთან კავშირების დამყარება, რათა მარტოსულობის გრძნობა და შიში დასძლიოს.
დედას ხშირად აქვს სხვა საქმეები და ნაკლები დრო ბავშვისთვის, რაც მასში ეჭვიანობას იწვევს: “დედა სხვებთან მიდის და მე მტოვებს.” ბავშვი აცნობიერებს სიცოცხლის და სიკვდილის არსებობას და სამყაროს უცნაურობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შიშს. მშობლის მოვალეობაა ამ პერიოდში ყველაფერი განუმარტოს ბავშვს პოზიტიურად და დადებითად, რათა შიშის ნაცვლად ცნობისმოყვარეობა და თავგადასავლების სურვილი გაუჩნდეს.
მშობელი უნდა ეცადოს, რომ ბავშვს გაუჩინოს განცდა, რომ სამყარო საოცარი და სასურველი ადგილია. შფოთვა ბავშვის მეგობარია, რადგან ის ეხმარება მას მეტი გაიგოს და იპოვოს ახალი იდენტობა. მშობელმა უნდა აუხსნას ბავშვს საკუთარი ემოციები, დაეხმაროს მათ გაგებასა და მართვაში, რათა მომავალში არ განუვითარდეს შფოთვითი აშლილობები და ჰქონდეს ცხოვრების ოპტიმისტური ხედვა.
მაგალითად, თუ ბავშვს ეშინია ფრენის, მშობელმა უნდა ისაუბროს ამ თემაზე, აუხსნას, როგორ გაფრინდა პირველად ადამიანი, მარტივად განმარტოს მექანიზმი და დადებითად აღწეროს ფრენის გამოცდილება. მთავარი მიზანია, ბავშვის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, მისცეს მას ჯანსაღი კომუნიკაცია და აჩვენოს, რომ სამყარო სავსეა საინტერესო შესაძლებლობებით.
რთულ შეკითხვებზე პასუხი:თუ ბავშვი გვეკითხება ცხოვრებაზე ან სიკვდილზე, არ უნდა ავარიდოთ თავი ამ შეკითხვებს და არ მივცეთ მოკლე პასუხები. ბავშვები ყოველთვის უნდა იღებდნენ სიმართლეს, მაგრამ სწორ ფორმატში. მაგალითად, როდესაც ბავშვი გვეკითხება სიკვდილზე, უნდა განვუმარტოთ, რომ კი, ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით, მაგრამ სანამ ეს მოხდება გვაქვს უამრავი დრო, რომ ვიცხოვროთ, გავიგოთ უამრავი საინტერესო რამ, გვიხაროდეს, გავერთოთ, ვისწავლოთ. "მეც რა თქმა უნდა მოვკვდები, მაგრამ ეს ჯერ არ იქნება, წინ ძალიან ბევრი თავგადასავალი გველის. შენც გაიზრდები, შეიცვლები, მე მოვხუცდები, მაგრამ მაინც გავაგრძელებთ ერთმანეთთან ურთიერთობას, შემდეგ მე მოვკვდები, შენც უკვე შეიძლება მოხუცი იყო, კი ძალიან გეწყინება და ცუდად იქნები, მაგრამ მარტო არ იქნები, გეყოლება საკუთარი ოჯახი, შვილები, შეიძლება უკვე შვილიშვილებიც, მეგობრები. არ ინერვიულო იმაზე, რომ დამკარგავ, რადგან შენი დედიკო/მამიკო ნახე როგორი ახალგაზრდა და ძლიერია, ჯერ კიდევ უამრავი გეგმა გვაქვს წინ და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიდ ხანი ვიცოცხლო და ერთად ბევრი დრო გავატაროთ".
თუ ბავშვი გვისვამს ისეთ კითხვას რაზეც პასუხი არ გვაქვს, რადგან ჩვენც არ ვიცით, ვაღიარებთ რომ ჩვენც არ ვიცით პასუხი, შემდეგ კი ვაწვდით მაქსიმალურს ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის ცნობილია. ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ როცა გაიზრდება და მეტი ინფორმაცია ექნება და გამოცდილება თავად სცადოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
თუ 3 წლამდე ასაკში ჩვენ ბავშვს ვასწავლით როგორ გაუმკლავდეს თავის პირველად, მარტივ ემოციებს, 3 წლის შემდეგ ჩვენ ვასწავლით უფრო რთულ ემოციებთან გამკლავებას და მათ გაანალიზებას (რაღაცის რწმენა, იმედი და სხვა).
უნიკალურობის განცდის შექმნა: როდესაც ბავშვი გვეკითხება, როგორ გაჩნდა, მშობელმა უნდა აღუწეროს მისი დაბადების ისტორია სიყვარულით, აგრძნობინოს, რომ ის უნიკალური და განსაკუთრებულია. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს ბავშვის თვითშეფასების გაზრდას და საკუთარი თავის რწმენის განვითარებას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის მომავალში. თუ ბავშვს თავიდანვე ვასწავლით, რომ ის განსაკუთრებულია და მის დაბადებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ის ნაკლებად დაიკარგება ზრდასრულ ასაკში და უფრო მარტივად იპოვის საკუთარ თავს.
II - დავეხმაროთ ბავშვს დაინახოს საკუთარი თავი ისეთად როგორიც არის და გაუჩნდეს წარმოდგენები საკუთარ თავზე.აღზრდის მთავარი მიზანი ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანის ჩამოყალიბებაა, რომელიც ადაპტირებული იქნება ცხოვრებასთან. ინდივიდმა უნდა იცოდეს, ვინ არის, როგორ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და ჰქონდეს სწორი წარმოდგენები საკუთარ თავზე.
პიროვნების შემადგენელი სამი ასპექტი:- ბიოლოგიური - გენეტიკური ფაქტორი, რომლის შეცვლა შეუძლებელია.
- სოციალური - გარემო, რომელშიც იზრდება ბავშვი.
- ფსიქოლოგიური - მშობლების მიდგომა ბავშვის აღზრდის დროს.
3 წლის ასაკში ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს ბიოლოგიური წინაპირობები, და მშობლის ამოცანაა მათი გამოვლენა და დასახელება.
ამ ასაკიდან იწყება საინტერესო პერიოდი, როდესაც მშობლებს შეუძლიათ ბავშვთან კითხვა-პასუხით კომუნიკაცია, რადგან ის უკვე ფიქრობს შეკითხვებზე, განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს და აგებს ლოგიკურ კავშირებს. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს ყოველთვის მისაღები იყოს ბავშვის წარმოდგენები საკუთარ თავზე, რაც უნდა განსხვავდებოდეს მათი სურვილებისგან.
ბავშვი არ არის მშობლის სურვილების შემსურლებელი ფუნქცია!
ხშირად მშობლები ცდილობენ საკუთარი ოცნებების ან წარსული მიზნების მიღწევას ბავშვის საშუალებით “მინდა პიანისტი გამოვიდეს, რადგან ეს ჩემი დიდი ოცნებაა”. რა თქმა უნდა მშობელს შეუძლია შესთავაზოს ბავშვს რაღაც ახალი, რაც თავად მას მოსწონს, მაგრამ თუ დაინახავს, რომ მისთვის ეს საინტერესო არ არის და ვერ ართმევს თავს არ უნდა დააძალოს.
მშობელის მოვალეობაა კარგად დააკვირდეს საკუთარ შვილს და გაიგოს როგორია ის, შემდეგ კი აუხსნას მას ეს ყველაფერი, დაეხმაროს საკუთარ თავზე წარმოდგენის შექმნაში. თუ ჩვენ მივცემთ ბავშვს ცრუ ინფორმაციას იმაზე თუ როგორია, მას მომავალში ექნება ცრუ წარმოდგენა საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე, რამაც შეიძლება ძალიან გაურთულოს ცხოვრება.
საჭიროა რაც შეიძლება მეტი წარმოდგენის შექმნა საკუთარ თავზე და რომ უმრავლესობა იყოს პოზიტიური, თუმცა არ უნდა იყოს რეალობას მოკლებული.
ვიღებთ თვითშეფასების 5 ასპექტს და თითოეულ მათგანზე ვაძლევთ დაახლოებით 10 დახასიათებას.
მაგალითად:
თვითშეფასების ასპექტები:
1. გარეგნობა - პოზიტიური თვისება.
2. აზროვნება - თვისებები, რომელებიც გამოხატავენ ბავშვის ინტელექტს.
3. ხასიათი - კარგი ხასიათის ნიშნები.
4. მიღწევები - მიღწევების ჩამონათვალი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.
5. განსაკუთრებული ასპექტები - თვისებები, რომლებიც გამორჩევენ მას.
სწორი კომუნიკაცია:მშობლები ხშირად მეკითხებიან, როგორ შევაქოთ სწორად ბავშვი. მნიშვნელოვანია სისტემატურად მიეცეთ პოზიტიური შეფასებები, რათა ბავშვმა შეიცნოს თავისი პოზიტიური თვისებები. თუ მშობელს არ აქვს უნარი, დაინახოს საკუთარი დადებითი მხარეები, მას რთული იქნება სწორი კომუნიკაცია ბავშვთან.
III პრინციპი - გააცანით სამყარო. 3 წლის ასაკში ბავშვი იწყებს ინდივიდუალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცალკე დედასთან და ცალკე მამასთან. საკუთარი სქესის მქონე მშობელი მისთვის ხდება მისაბაძი მაგალითი, რომლისგანაც ის იღებს შეფასებულ და შერჩეულ იდენტიფიკაციებს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აითვისოს ის თვისებები, რაც მას ერთ-ერთ მშობელში მოსწონს.
მაგალითად, როდესაც ბიჭი იღებს მამის პოზიტიურ თვისებებს, ის ამ თვისებებს დედასთან ამოწმებს. თუ დედა დადებითად აფასებს მამას, ბიჭისთვის მარტივია ამ თვისებების მიღება. თუ დედა ნეგატიურად აფასებს რომელიმე თვისებას, ბიჭი ამ თვისებას არ მიიღებს.
ინფორმატიული იდენტიფიკაცია: ბავშვი ემპათიის მეშვეობით სწავლობს მშობლის ემოციების აღქმას. მაგალითად, თუ დედა რაიმესგან განაწყენდება და დასევდიანდება, ბავშვი შეეცდება, არ ჩაიდინოს მსგავსი ქცევა.
ბავშვობის ავტორიტეტები: ბავშვისთვის მისაბაძი ადამიანები პირველ რიგში მშობლები არიან. ისინი ავსებენ ბავშვის ფსიქიკას წარმოდგენებით საკუთარ თავზე და სამყაროზე. მშობლებმა ბავშვებს სამყაროზე ის უნდა ასწავლონ, რაც თავად იციან, რათა ბავშვი მომავალში ამაზე ააგოს საკუთარი მსოფლმხედველობა.
ჰაინს კოხუტის, ფსიქოანალიტიკოსის, რომელმაც შეიმუშავა ნარცისული სტრუქტურებთან მუშაობის მეთოდები, აზრით, ნარცისებს ახასიათებთ ტოქსიკური სირცხვილი, რომელიც მათ გონებას წამლავს. ნარცისული სტრუქტურის ადამიანებიც, ისევე როგორც ნევროტიკები არიან ინდივიდები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც ემპათია ასევე ინტროსპექცია, და მათთან მუშაობისას მნიშვნელოვანია სწორედ ინდივიდუალური ურთიერთობის აწყობა, ეს ნიშნავს რომ მუშაობის პროცესსში მათ უნდა შეიცნონ და მიიღონ სხვა ადამიანის ინდივიდუალურობა. კოხუტმა შეამჩნია რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნარცისების რაოდენობა გაიზარდა. ამას ისუკავშირებდა ომის შემდეგ ოჯახის მოწყობის წესის შეცვლას, ბევრი ოჯახი სოფლიდან ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად (ამერიკაში) და ბავშვი იზრდებოდა ან ორ, ან ერთ მშობელთან (სხვა ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარეშე).
ნევროტიკები არიან ბავშები, რომლებსაც მისაბაძად და იდენტიფიკაციისთვის ბევრი ფიგურა ჰყავდათ (დედა, მამა, ბებია, ბაბუა…), ხოლო ნარცისული სტრუქტურის ადამიანები ნაკლები.
იყო ნევროტიკი უფრო მომგებიანია, რადგან ხარ გახსნილი ანუ უფრო ღია და მდიდარი იდენტიფიკაციის შესაძლებლობები გაქვს, რაც ფსიქიკურ სტრუქტურას ამდიდრებს. ნარცისებს კი აქვს ძლიერი შინაგანი კონფსლიქტი მე-ს და გარე სამყაროს შორის.
მნიშვნელოვანია, ბავშვობიდანვე მივაჩვიოთ ბავშვები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობას. თუ ბავშვი ინტერესდება სხვა ადამიანებთან მეგობრობით, არ უნდა შევზღუდოთ ეს სურვილი. ეს მას ეხმარება შეიძინოს სხვადასხვა იდენტიფიკაცია, რაც გაამდიდრებს მის ფსიქიკურ სტრუქტურას.
ჩაკეტილი სისტემა:ზოგჯერ ბავშვებს უჭირთ სკოლაში სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჩაკეტილი სისტემით.
ბავშვის განვითარება:ბავშვისთვის შთაბეჭდილებების მიღება სასურველია პასიური ფორმით, მაგალითად, წიგნების კითხვით, ისტორიების მოყოლით, ან საინტერესო ადგილების მონახულებით. 3-4 წლის ასაკში ბავშვის გადატვირთვა რთული აქტივობებით არ არის აუცილებელი. განვითარება ნიშნავს დაინახოს, რა შეიძლება იყოს და რატომ შეიძლება იყოს საინტერესო, და არა მექანიკური ცოდნის ჩანერგვას არსის გარეშე.
IV პრინციპი - ავარიდოთ ბავშვები ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას!რა იგულისხმება ძალადობაში?3 წლის ასაკიდან ბავშვი იწყებს მშობლების განსაკუთრებულად სიყვარულს, რაც შეიძლება შევადაროთ პირველ სიყვარულს. ამ ასაკში ბავშვები გამოიხატავენ განუსაზღვრელ სიყვარულს და ხშირად აძლევენ კომპლიმენტებს მშობლებს. ეს ძლიერ სიყვარულის გრძნობა მათ ძალიან მგრძნობიარებსა და სუსტებს ხდის, რაც მშობლებს დიდი ცდუნების წინაშე აყენებს — გამოიყენონ ეს მდგომარეობა და “მომართონ” ბავშვი საკუთარი სურვილების შესაბამისად.
! გვახსოვდეს - ბავშვის ფლობა არ არის დასაშვები. შვილის აღზრდა არის ერთგვარი ქველმოქმედება. დისტანციის შენარჩუნება აუცილებელია.
რა იგულისხმება ცდუნებაზე საუბრისას?მაგალითად, როდესაც მშობელი ბავშვის ხარჯზე ცდილობს თავისი ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
როდის იწყებს მშობელი ძალადობას?წარმოიდგინეთ დედა, რომელსაც აქვს დაუკმაყოფილებელი ემოციური სურვილები და მოთხოვნილებები, რომლებიც მისი მშობლებისგან ვერ დაკმაყოფილდა. ასეთ შემთხვევაში დიდი რისკია, რომ დედამ საკუთარი შვილი გამოიყენოს ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ანუ გამოიყენოს შვილები, რათა მიიღოს ის, რაც საკუთარ მშობლებს უნდა მიეცათ მისთვის.
მშობელი შეიძლება ვერ აცნობიერებდეს, რომ ბავშვი რეალურად არ შეუძლია მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ამასთან ერთად, მშობელი შეიძლება განიცდიდეს ნეტარების გრძნობას იმის გამო, რომ შვილი ასე დაინტერესებულია მასთან და ვერ ხედავს საზღვარს საკუთარ თავსა და ბავშვს შორის.
რა არის ძალადობის აზრი? მშობელი ხელმძღვანელობს ორი ძირითადი მიზანით:
- კონტროლი
- კრიტიკა
მაგალითად, თუ შვილი დედის მეგობართან ან მეზობელთან ერთად იყო და დაბრუნებისას აღფრთოვანებით საუბრობს მათზე, ეს შეიძლება დედას ეჭვიანობა და იმედგაცრუება გამოიწვიოს. ის შეიძლება იფიქროს: “ჩემი ბავშვი სხვებთან თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე ჩემთან” ან “მეგონა, რომ ჩემი შვილი ყველაზე მეტად მე ვეყვარებოდი და მომწონებოდა, მაგრამ ასე არ არის.”
ეს ნორმალურია, რომ მშობელი განიცდის ეჭვიანობას, ბრაზს, იმედგაცრუებას ან სევდას. თუმცა, აუცილებელია ამ ემოციების გაცნობიერება და მათი სახელის დარქმევა.
როგორ უნდა მოვიქცეთ?- შეამჩნიეთ და გაანალიზეთ თქვენი გრძნობები: იფიქრეთ, რატომ განიცდით ამ ემოციებს. ხშირად ისინი მოდის ბავშობის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებისგან.
- არ გაავრცელოთ ეს გრძნობები ბავშვებზე: მაგალითები, როგორ არ უნდა მოიქცეთ: “რა ბოთე ხარ”, “ნინოს შვილი შენზე ჭკვიანია” და ა.შ. ეს ფრაზები ბავშვს დანაშაულის გრძნობას, სირცხვილსა და შიშს აღძრავს, რაც აიძულებს მას შეიცვალოს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.
მშობელმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი გრძნობები და არ გადმოიტანოს ისინი შვილებზე. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ უკეთესი გამოცდილება, ვიდრე მშობელს ჰქონდა. გახსოვდეთ, შვილებს არ შეუძლიათ თქვენი მშობლების ვალდებულებების შესრულება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მათთვის უკეთესი პირობები შექმნათ.
V პრინციპი - დისციპლინაბავშვისთვის მნიშვნელოვანია, მარტივად შეძლოს ცხოვრებისეული გამოწვევების მიღება. აქ კრიტიკა და შექება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია!
კრიტიკა და წესები:
- კრიტიკა უნდა არსებობდეს ისევე, როგორც წესები და აკრძალვები. თუმცა, ისინი ყოველთვის უნდა იყვნენ კონსტრუქციული. მათ გარეშე ადამიანს გაუჭირდება განვითარება, რადგან არ ექნება საზღვრების შეგრძნება.
- თუ ბავშვს აკრიტიკებთ, ეცადეთ, არ გამოიწვიოთ შიში და კარგად აუხსნათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
- ჯანსაღი კრიტიკა მნიშვნელოვანია ბავშვის მომავლისთვის, რათა არ განუვითარდეს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებები.
დისციპლინის მნიშვნელობა:
- ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ თუ მას სურს რაიმე (აქვს მიზანი), მას შეუძლია მიაღწიოს ამას, თუ მიჰყვება გეგმას და ნაბიჯებს.
- არ არის აუცილებელი, რომ დავაკმაყოფილოთ ბავშვის ყველა სურვილი. ასე მას არ ვაძლევთ საშუალებას დაგეგმოს და ისწავლოს, როგორ მიაღწიოს მიზნებს. როდესაც მაღაზიაში ხართ და უეცრად ბავშს სათამაშო მოუნდა და გთხოვთ უყიდოთ არ არის სავალდებულო დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოთ მისი ეს სურვილი. ესაუბრეთ მას საკუთარი სურვილის შესახებ, იმაზე თუ რატომ მოსწონს ეს კონკრეტული სათამაშო, როგორ ითამაშება. სათამაშოზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო მშობლის ინტერესი და მასთან კომუნიკაციაა, თანაც ეს ფანტაზიის უნარსაც განუვითარებს.
და ბოლოს, აღზრდა უნდა იყოს თანმიმდევრული და გააზრებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ დროთა განმავლობაში ბავშვის სიყვარული ჩვენდამი ნელ-ნელა შემცირდება, და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბავშვი არ დააფასებს ჩვენს შრომას, რადგან ეს ყველაფერი მას არ ახსოვს — ეს ჩვენი, როგორც მშობლების, გამოცდილებაა და არა მისი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარგი მშობლობა არ არის მხოლოდ დედობა ან მამობა; მნიშვნელოვანია, რომ საჭირო დროს ბავშვი თავისუფლად გავუშვათ და ვიპოვოთ კმაყოფილება საკუთარ თავში და ურთიერთობებში.
ჩვენი შვილები პირველ რიგში შეგვაფასებენ ჩვენ, როგორც ადამიანებს!