ობსესიურ კომპულსიური აშლილობა
გამომწვევი მიზეზები და თერაპია.
ოკა / ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (ოკა) დროს ადამიანს უწევს გამკლავება ობსესიებთან - აკვიატებულ აზრებთან და კომპულსიებთან - იძულებით ქცევებთან ან მენტალურ აქტებთან.

ობსესია: იზოლირებული აზრი, რომელიც უეცრად ჩნდება გონებაში და ამოვარდნილია ლოგიკური ჯაჭვიდან. ადამიანისთვის მასზე ფიქრი ძალიან უსიამოვნოა და ამავდროულად, უცნობია, საიდან იბადება არსებული აზრი. მისგან გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია. პიროვნებას როგორც არ უნდა სურდეს ფიქრის შეწყვეტა, აზრები იმდენად ინტენსიურია, თითქოს მათ გონება მძევლად აჰყავთ.

კომპულსიები: ადამიანი სჩადის გარკვეულ ქმედებებს იმის გამო, რომ გაანეიტრალოს ობსესიური აზრები, რასაც მოაქვს შვების შეგრძნება, თუმცა ეს დროებითია.

მაგალითად:
ობსესიური აზრი: სახლში ვიღაც შემომივარდება.
კომპულსიური ქმედება: დღეში რამდენჯერმე გადამოწმება, ჩაკეტილია თუ არა სახლის კარი.

ობსესიური აზრები არის ძირითადად ორი ტიპის:
  1. აგრესიული, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვიღაცას ზიანს მივაყენებთ. მაგალითად, “იქნებ სახლი გადავწვა".
  2. შფოთვითი ფიქრები, მაგალითად, როცა ადამიანს ეშინია ბაქტერიების, რის გამოც გამუდმებით წმენდს, ადეზინფიცირებს ირგვლივ ყველაფერს ან ეშინია, რომ გაზი, წყალი, უთო დარჩა ჩართული.


ოკა-ს არსი.
ყველა ეს აგრესიული და შფოთვითი აზრი დამახასიათებელია ნებისმიერი ადამიანისთვის და აბსოლუტურად ნორმალურია. განსხვავება ისაა, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აწუხებთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ამ აზრებს არ გამოჰყოფენ სხვა აზრებისგან და არ ანიჭებენ მათ დიდი მნიშვნელობას. მოკლედ, მათზე ფოკუსირება არ ხდება.

ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ოკა არ შეუძლიათ არ გაამახვილონ ყურადღება ობსესიურ ფიქრებზე. ცდილობენ თავი აარიდონ მსგავს აზრებს, თუმცა მაინც ორიენტირებულნი არიან მათზე ფსიქოთერაპიულ ენაზე ამას კოგნიტური აცილება ეწოდება. ამასთანავე, ოკა-ს მქონე ადამიანებს, თავიანთი აზრები დიდ შიშს ჰგვრით.

სად ვეძებოთ ოკა-ს დასაბამი?

დაახლოებით 3 წლის ასაკიდან ბავშვი იწყებს საკუთარ აზრებზე დაკვირვებას. მაგალითად, როდესაც დედა აიძულებს ბავშვს მიალაგოს სათამაშოები, ბავშვის გონებაში შეიძლება გაჩნდეს აგრესიული აზრი, რომ დედა ცუდია. საუკეთესო შემთხვევაში, მშობლები, გარკვეულ დონემდე, აძლევენ შვილებს აგრესიის გამოხატვის თავისუფლებას. განსაზღვრული დოზით აგრესიის გამოხატვა ნორმალურია, მაგრამ არსებობს ზღვარი, რის შემდეგ ის უკვე მისაღები აღარ არის (მაგალითად კბენა, დარტყმა და ა.შ).
ადამიანებს, რომლებსაც ზრდასრულ ასაკში აწუხებთ ობსესიურ კომპულსიური აშლილობა, მშობლები ბავშვობაში არც ერთი ფორმით არ აძლევდნენ აგრესიის გამოხატვის საშუალებას, რაც ნიშნავს, რომ ჰქონდათ 100%-იანი აკრძალვა აგრესიის გამოხატვაზე. სწორედ ამიტომ, მათ ჩამოუყალიბდათ შეგრძნება, რომ საყვარელი ადამიანების მიმართ აგრესიის განცდა მათ ცუდ ადამიანებად აქცევს და რომ ეს დაუშვებელია. საკუთარი აგრესიული აზრების მიმართ მძაფრი შიში ზემოხსენებულიდან მომდინარეობს. მშობლებმა გაუცნობიერებლად შთააგონეს ბავშვს - ადამიანებზე გაბრაზება დაუშვებელია და საშიში, რადგან თავად შენ გიქმნის საფრთხეს.
შფოთვით აზრებს რაც შეეხება, ადამიანის ცხოვრებაში იგი თავს იჩენს მაშინ, როდესაც გარკვეული პასუხისმგებლობების აღება უწევს საკუთარ თავზე (მაგალითად, როგორიცაა დამოუკიდებლად გზაზე გადასვლა; უფროსის გარეშე სკოლაში წასვლა; სახლის კარის ჩაკეტვა). ბავშვი, შფოთვითი აზრების გაჩენისთანავე (როცა ეშინია გარეთ გასვლის, ხანძრის, დაყაჩაღების, მარტო დარჩენის), გარბის მშობლებთან, ისინი კი, საუკეთესო შემთხვევაში, ახერხებენ, საკუთარი ავტორიტეტის და სიმშვიდის გავლენით, მის დამშვიდებას. შვილს უჩნდება რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მომენტი, რომელმაც თავი უსიამოვნოდ და დაუცველად აგრძნობინა - ჩაივლის. ასეთ დროს ბავშვს უყალიბდება საკუთარი თავის დამშვიდების მექანიზმი.
ოკა-ს დიაგნოზის მქონე ადამიანებს რაც შეეხება, მშობლებმა ბავშვობაში მათი დამშვიდება სათანადოდ ვერ შეძლეს, რამაც განაპირობა შფოთვითი აზრების მიმართ შიშის ჩამოყალიბება. ხშირად, მშობლები მოითხოვენ ბავშვისგან მეტ სიმტკიცეს და გამძლეობას, ვიდრე მას შეუძლია გამოავლინოს. ხშირ შემთხვევაში, ბავშვი ვერ ახერხებს საკუთარი შიშების ან სხვა ემოციების გაანალიზებას, ხოლო მშობლები მათ ახსნას ბავშისთვის. ფრაზები “არ უნდა გეშინოდეს”, “ნუ ტირი დიდი ბიჭი/გოგო ხარ უკვე”, “არ შეიძლება ტირილი!”, ბავშვისთვის მიიღება როგორც რაღაც ცუდის აკრძალვა. მშობელი კი რეალურად ასე უკრძალავს შვილს საკუთარი ემოციის გამოხატვას.

მოდით, ერთმანეთს შევადაროთ ოკა-ს დიაგნოზის მქონე ადამიანის ფიქრები და იმ ადამიანის, რომელსაც ოკა არ აწუხებს.

ადამიანი რომელსაც არ აწუხებს ოკა - “მე არ მეშინია საკუთარი აზრების, ყველა ჩემი აზრი ნორმლაურია და ბუნებრივი” “მე ნორმალური ვარ”.
ადამიანთა ამ კატეგორიას თუ თავში მოსდით ნეგატიური აზრი, უკურნებელ დაავადებაზე ან ავტოკატასტროფაზე, ისინი მშვიდად ახერხებენ ამაზე ფიქრს და გაანალიზებას, ხოლო შემდეგ მარტივად თავისუფლდებიან მისგან. გაანალიზების პროცესში ხვდებიან, რომ ეს აზრი აბსურდია და მას აღარ აქცევენ ყურადღებას.

ოკა-სთვის დამახასიათებელია:
  • პერფექციონიზმი
  • ჰიპერაქტიურობა
  • ჰიპერპასუხისმგებლობა
“მე თუ ვიღაც მიყვარს, არანაირი უფლება არ მაქვს, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, მასზე ცუდად გავიფიქრო”.
“მე ყოველთვის უნდა ვაკონტროლებდე საკუთარ ცხოვრებას და ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება”.
“ჩემს ქმედებებზეა დამოკიდებული სხვისი კეთილდღეობა და ყველაფერი ჩემი ცხოვრების გარშემო”.

ბრაზის და აგრესიის განცდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც გვიყვარს ნორმალურია. შფოთვის გამომწვევი აზრების არსებობაც ნორმალურია, რადგან ჩვენ გარშემო სამყარო ძალიან ცვალებადი, არაპროგნოზირებადია და ხვალ ვის რა გველის არავინ იცის.

ოკა-ს მექანიზმი

განვიხილოთ უფრო დეტალურად.
დავუშვათ, ადამიანმა ხელი მოჰკიდა ბინძურ საგანს, მაგალითად კარის სახელურს.
პირველი - ადამიანის გონებაში ჩნდება აზრი “ვაითუ, რაღაც გადამედო და ავად გავხდი. სასწრაფოდ უნდა დავიბანო ხელები.”
მეორე - აღმოცენდება შფოთვა. შიში რაიმე უკურნებელისა და მომაკვდინებელისა.
მესამე - შფოთვის ნეიტრალიზებისთვის აუცილებელი რაიმე ქმედება - სასწრაფოდ ხელების დაბანა.
მეოთხე - შფოთვის ჩაწყნარება. ადამიანი ქმედებას აძლევს პოზიტიურ შეფასებას - ხელების დაბანამ დაამშვიდა, ამიტომ მომავალში უფრო ხშირად გაიმეორებს ამ ქცევას, კერძოდ, ყოველ ჯერზე, როდესაც ბაქტერიებთან ან დაავადებებთან დაკავშირებით თავში აზრი გაუელვებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი თავად აძლიერებს საკუთარ ოკა აშლილობას.

1) აზრი - “სახლის კარები დამრჩა ღია. შევლენ ვიღაცები და ყველაფერს წაიღებენ”.
2) ემოცია - შფოთვა, შიში.
3) ქმედება - სახლში დაბრუნება და ყველაფრის შემოწმება.
4) კმაყოფილების გრძნობა და დამშიდება, რომელიც გამოწვეულია ქმედებით.
მეოთხე ეტაპზე ადამიანი განამტკიცებს საკუთარ ქცევას, და მომავალშიც მსგავსად მოიქცევა.


კოგნიტურ-ბიჰევიორული მეთოდი გვეუბნება, რომ ოკა-ს დასაძლევად საჭიროა მანკიერი წრის გარღვევა, რაც გულისხმობს იმის გაცნობიერებას, რომ ბრაზი და აგრესიული ფიქრები საყვარელი ადამიანების მიმართაც ნორმალურია, ისევე როგორც შფოთვითი აზრები არაპროგნოზირებად სამყაროში.
ყველაზე მნიშვნელოვანია შევწყვიტოთ ქმედება. მართალია ის გვამშვიდებს, მაგრამ მხოლოდ დროებითი შედეგი აქვს. სწორედ რომ განმეორებადი ქმედებები უზრუნველყოფენ ჩვენი აზრების რეალურობას. ასევე ქმედება ატყუებს ფსიქიკას, რომ სწორედ ის არის სიმშვიდის მომტანი და გადამრჩენელი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავიდანვე ქმედების შეწყვეტა შეუძლებელია და მისი სრულად შეწყვეტა ეტაპობრივად ხდება.

განვიხილოთ 4 ძირითადი ნაბიჯი:

პირველი ნაბიჯი - შფოთვის გამომწვევი აზრების გაანალიზება. შეგიძლიათ შეავსოთ პატარა ცხრილი:
სიტუაცია - რა მოხდა, სად ვიყავი.
აზრი - რომელიც მომივიდა თავში.
ემოცია/ემოციები - რომელიც ამ აზრმა გამოიწვია.
ქმედება - რა მოვიმოქმედე ემოციის გასანეიტრალებლად.
ცხრილის შევსება, ყოველ ჯერზე, გვეხმარება უკეთ აღვიქვათ და გავაანალიზოთ რა ხდება ჩვენს თავს. ასევე, მნიშვნელოვანია გავიგოთ ზუსტად რა გვაწუხებს, რა გარემოებებში გვაწუხებს და როგორ ვიქცევით.

მეორე ნაბიჯი - შფოთვის გამომწვევ აზრებთან მუშაობა. გადავამოწმოთ ამ აზრების რაციონალურობა და ლოგიკურობა, რისთვისაც გამოგვადგება კოგნიტური რესტრუქტურიზაციის მეთოდი (იხ. სტატია "შფოთვა"), რათა შფოთვა აღარ იყოს ძლიერი და გაანალიზების ხარჯზე შიში თანდათან გაქრეს.

მესამე ნაბიჯი - შიშის კოეფიციენტის მიხედვით აზრების დალაგება. პირველ რიგში, ჩამოვწეროთ აზრები, რომლებიც ყველაზე მეტად გვაშინებენ, ხოლო შემდეგ თანდათან გადავიდეთ ნაკლებად საშიშ აზრებზე.

მეოთხე ნაბიჯი - ნელ-ნელა ვიწყებთ აკვიატებულ აზრებთან გამკლავებას. პირველი სამიზნე იქნება ქცევა, რომელიც ანეიტრალებს ყველაზე მსუბუქ შფოთვას. დაუშვებელია თავიდანვე იმ ქმდების გაუქმებაზე მუშაობა, რომელიც ყველაზე დიდი შფოთვისგან “გვიცავს”!

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (ოკა) მკურნალობა ფსიქოანალიზის ფარგლებში მოიცავს მიდგომებისა და ტექნიკების რიგს, რომლებიც მიმართულია აშლილობის ღრმა ფსიქოლოგიური მიზეზების გაგებასა და გადამუშავებაზე. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია ქცევისა და აზრების ცვლილებაზე, ფსიქოანალიზი ყურადღებას ამახვილებს არაცნობიერ პროცესებსა და შინაგან კონფლიქტებზე.

ოკრ-ის მკურნალობის ძირითადი ასპექტები ფსიქოანალიზში:

1. არაცნობიერი კონფლიქტების კვლევა:
- ფსიქოანალიტიკოსი ეხმარება პაციენტს გამოიკვლიოს და გაიგოს არაცნობიერი კონფლიქტები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად ედოს ოკა-ს. ეს კონფლიქტები ხშირად დაკავშირებულია ადრეული ბავშვობის გამოცდილებებთან და ურთიერთობებთან.

2. სიმპტომების ინტერპრეტაცია:
- ოკა-ს სიმპტომები განიხილება, როგორც არაცნობიერი აზრებისა და გრძნობების გამოვლინებები. ფსიქოანალიტიკოსი ეხმარება ანალიზანტს ინტერპრეტირებასა და სიმპტომების გააზრებაში.

3. წინააღმდეგობების ანალიზი:
- თერაპიის პროცესში ანალიზანტმა შეიძლება გამოავლინოს წინააღმდეგობა გარკვეული აზრებისა და გრძნობების გაცნობიერებისადმი. ფსიქოანალიტიკოსი მუშაობს ამ წინააღმდეგობების დაძლევაზე, რათა ანალიზანტმა მოახერხოს საკუთარი ემოციების და განცდების მიღება.

4. ტრანსფერთან მუშაობა:
- ანალიზანტი ფსიქოანალიტიკოსზე პროეცირებს საკუთარი წარსულის მნიშვნელოვან ფიგურებთან დაკავშირებულ გრძნობებსა და მოლოდინებს. ტრანსფერის ანალიზი და დამუშავება ანალიზანტს ეხმარება შინაგანი კონფლიქტებისა და რეაქციების უკეთ გაგებაში.

5. თავისუფალი ასოციაციების მეთოდი:
- ანალიზანტი თავისუფლად საუბრობს ყველაფერზე, რაც აზრად მოსდის. ანალიზანტს მეთოდი ეხმარება გამოავლინოს ფარული აზრები და გრძნობები, რომლებიც დაკავშირებულია ოკა-სთან.

6. სიზმრები:
- სიზმრების ანალიზმა შეიძლება მოგვცეს მნიშვნელოვანი "ინსაიტები" არაცნობიერი პროცესებისა და კონფლიქტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ოკა-სთან.

7. გრძელვადიანი თერაპია:
- ოკა-ს ფსიქოანალიტიკური მკურნალობა, ჩვეულებრივ, საჭიროებს ხანგრძლივ დროს და რეგულარულ სეანსებს, რადგან ღრმა ცვლილებები პიროვნებასა და ქცევაში თანდათანობით მიიღწევა.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზი შეიძლება ეფექტური იყოს, ოკა-თი დაავადებული ზოგიერთი პაციენტისთვის, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი ეფექტურობა შეიძლება ყველასათვის განსხვავდებოდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, კომბინირებული მიდგომა, რომელიც მოიცავს ფსიქოანალიზსა და კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, შეიძლება ყველაზე ეფექტური იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდის არჩევა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და თავისებურებებს.

სტატიის ავტორი: მაგდა ბერესტ
რედაქტორი: ლილე ჟღენტი


© All Right Reserved. My company Inc.

Made on
Tilda