ვინ არის ნევროტიკი?

ნევროტული სტრუქტურის განხილვა ფსიქოანალიზში
ფსიქოანალიზის დიაგნოსტიკაში არსებობს ისეთი კატეგორია, როგორიცაა პიროვნების ნევროტული სტრუქტურა. იგი გულისხმობს დანაშაულის გრძნობისა და უარყოფის შიშის არსებობას, ბრაზის არა საკმარის გამოხატვასა და გაცნობიერებას, აგრესიის მიმართვას საკუთარ თავზე, რაც ხშირად ნევროტული დეპრესიის მიზეზი ხდება. ნევროტიკებს ხშირად აწუხებთ დაბალი თვითშეფასება, პერფექციონიზმი, უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ, მისწრაფები იდეალური მე-ს მიღწევისკენ, რომელსაც ისინი ვერასდროს მიაღწევენ, რადგან ეს შეუძლებელია. მათი ცხოვრება სავსეა შეზღუდვებით, რომლებსაც თვითონ უწესებენ საკუთარ თავს.


ვინ არის ნევროტიკი?

ნევროტიკს კარგად განვითარებული ინდენტურობა აქვს, ჩამოყალიბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე. შეუძლია საკუთარ თავზე საუბარი, ისტორია ყოველთვის ლოგიკურ და არა ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს შეიცავს, იცის რა მოსწონს და როგორია.
ნევროტი ჭკვიანი და განათლებული ადამიანია, კარგად აღზრდილი.
თუ ნევროტიკი ამას კითხულობს, შეიძლება გაიფიქროს: "ეს ჩემზე არ არის, მე არც ისე ჭკვიანი ვარ", რადგან მას გამუდმებით ეჭვი შეაქვს საკუთარ შესაძლებლობებში. ამიტომ ნევროტიკის ძირითადი პრობლემა დაბალი თვითშეფასებაა.
კარგად აქვს განვითარებული ინტროსპექცია. რადგან გამუდმებით ცდილობს საკუთარი თავის და ქმედებების გაანალიზებას.

ძირითადად ნევროტიკს აწუხებს ორი ტიპის შინაგანი კონფლიქტი.
1) კონფლიქტი "იდეალურ მე"-ს და რეალურს შორის.
ასეთ ადამიანს აქვს შინაგანი იდეალური მე-ს ხატი. ანუ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი სურს რომ იყოს, თუმცა ვერაფრით ახერხებს გახდეს ასეთი, რადგან ეს შეუძლებელია.
2) კონფლიქტი “მინდა” და “ვალდებული ვარ”-ს შორის.
ნევროტიკს აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ სურს ცხოვრება, მაგრამ არ აძლევს თავს ამის უფლებას და ცხოვრობს ისე, როგორც თვლის რომ ვალდებულნა.

რა შეიძლება აწუხებდეს ნევროტიკს?
  • დაბალი თვითშეფასება
  • თავდაჯერებულობის ნაკლებობა
  • სექსუალური პრობლემები (ძირითადად არ შეუძლიათ მოდუნება, გახსნა და სიამოვნების სრულყოფილად მიღება)
  • განიცდიან ძალიან დიდი ვალდებულების და პასუხისმგებლობის გრძნობას, ასევე დანაშაულის გრძნობას. ხშირად ნევრიტიკები თავს ცუდად გრძნობენ რადგან განიცდიან დანაშაულის გრძნობას იმის გამო, რომ არ ჰგვანან მათ წარმოსახვით იდეალს.
  • პრობლემები აგრესიის გამოხატვასთან. აგრესია მიმართულია შიგნით, საკუთარი თავისკენ.
  • ურთიერთობებში ეშინიათ, რომ საყვარელი ადამიანი მათ მიატოვებს, არ მიიღებს ან გადაიყვარებს.
  • შფოთვითი აშლილობები, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული შიდა კონფლიქტებთან და შიშებთან.
  • დეპრესიული აშლილობები.
  • ობსესიურ-კომპულსურ აშლილობა. მუდმივად განმეორებადი შფოთვის გამომწვევი აზრები. ისინი ასევე ცდილობდნენ გარკვეული რიტუალების ან მოქმედებების შესრულებას შფოთვასთან გასამკლავებლად.
  • ემოციური არასტაბილურობა: განწყობის ხშირი ცვლილება, განიცდიან ემოციების მართვის სირთულეს.

დამცავი მექანიზმები: ნევროტიკები ხშირად იყენებენ სხვადასხვა დამცავ მექანიზმებს, როგორიცაა განდევნა (ჩახშობა), პროექცია, რაციონალიზაცია და სხვა, რათა გაუმკლავდნენ შიდა კონფლიქტებსა და შფოთვას (ფსიქიკის დამცავი მექანიზმების შესახებ იხილეთ შესაბამისის სტატია საიტზე).
რეალობასთან კონფლიქტები: ნევროტიკებს შეიძლება ჰქონდეთ სიძნელეები რეალობასთან ადაპტაციაში, მათი შიდა კონფლიქტებისა და რეალური საჭიროებებისა და სურვილების შეუსაბამობების გამო.

არაცნობიერში განდევნილი სურვილები და კონფლიქტები, რომელიც თავს იჩენს სიზმრებში ან სტრესულ სიტუაციებში. ფსიქოანალიტიკურ თეორიაში ნევროზი ხშირად დაკავშირებულია შეუსაბამო ან მიუღებელი სურვილებისა და განცდების ჩახშობასთან. ეს განდევნილი და ჩახშობილი ელემენტები შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური სიმპტომების სახით.

ოჯახი სადაც ბავშვი ნევროტიკად ყალიბდება როგორც წესი ძალიან კარგია, როლები კარგად და გამოკვეთილად არის გადანაწილებული, ბავშვი კი კარგად აღზრდილი. თუმცა მშობლებს უჭირთ ბავშვის მიღება ისეთად, როგორიც ის რეალურად. ხშირად სურთ ბავშვის უკეთ აღზრდა, გამოსწორება, შეცვლა. აძლევენ ზედმეტად დირექტიულ ალკრძალვებს, აკრიტიკებენ, ძლიერად აკონტროლებენ, ზედმეტად ზრუნავენ (სათბურის პირობები). ამიტომ ბავშვს არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი ამა თუ იმ საკითხზე. მაგალითად, როდესაც ბავშვი განიცდის ბრაზს მშობლების წინააღმდეგ მას აკრძალული აქვს და არ შეუძლია ამის გამოხატვა. ხშირად მშობლები მიმართავენ მანიპულატორულ ტექნიკებს, როგორიცაა მაგალითად შიშის და დანაშაულის გრძნობის ინდუცირება ბავშვში, რათა მიაღწიონ სასურველ შედეგს “თუ არ შეჭამ ბოლომდე დედას ეწყინება და იტირებს”, “სათამაშოები რომ არ აალაგე ამიტომ დედა ძალიან ცუდად არის და თავი სტკივა”. ასე მშობლები იქცევიან რათა ბავშვს შთააგონონ რომ ცუდად მოქცევა საშიშია. სწორედ აქ უნდა ვეძიოთ დასაბამი სიყვარულის დაკარგვის შიშისა, რომელიც ნევროტიკების უმრავლესობას აწუხებს. “ვაი თუ მიმატოვა და გადავუყვარდი”. ამიტომ ნევროტიკს არ შეუძლია ბოლომდე იყოს ისეთი, როგორიც არის, და აქ რა თქმა უნდა ფრთიანი ფრაზები “იყავი ის ვინც ხარ” უძლურია. იმის გამო, რომ ნევროტიკს არ შეუძლია იყოს ისეთი როგორიც რეალობაში, მას არ შეუძია საკუთარი თავის მიღება, ანუ არსებობს რაღაც ნიშნული, რომლელსაც ვერ სცდება.

არსებობს ძალიან მოკლე ტესტი რომ გაიგო ხარ თუ არა ნევროტიკი.
შეგიძლიათ თუ არა მიხვიდეთ თქვენს მშობლებთან და გულახდილად და ყველანეირი შელამაზების გარეშე უთხრათ ის რასაც ფიქრობთ და აკეთებთ?
  • თუ შეგიძლიათ და თუ თქვენ მშობლებს შეუძლია თქვენი გაგება და მიღება კრიტიკის გარეშე (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ეს არ მოსწონთ) ე.ი თქვენ არ ხართ ნევროტიკი.
  • და თუ მშობლები დაიწყებენ მუქარას, დადანაშაულებას, კრიტიკას, დაცინვას, სხვა ნეგატიური ემოციების გამოვლენას თქვენს მიმართ, მორალიზირებას, ჭკუის სწავლებას - ნიშნავს რომ თქვენ ნევროტიკი ხართ.
როგორც ხედავთ ნევროტიკობა ჩვენი არჩევანი არ არის, არამედ ჩვენი ბავშვობიდან, მშობლების რეაქციებიდან და აღზრდის კონცეფციებიდან გამომდინარეობს.

ნევროტიკებს ხშირად აქვთ პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებში, მაგალითად:
  • სხვა და სხვა ურთიერთობაში ადამიანი ერთი და იგივენაირად იქცევა. ანუ თამაშობს საკუთარ ისტორიას. მაგალითად განათლებული, საინტერესო ადამიანი განუწყვეტლივ ირჩევს პარტნიორს, რომელიც გამუდმებით ამცირებს მას.
  • ადამიანს აქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ არ შეუძლია სიამოვნების მიღება, რადგან ეჭვი ეპარება, რომ ამას იმსახურებს. საკუთარ თავს თვითონ უწესებს შეზღუდევბს.
  • ადამიანი გამუდმებით განიცდის სირცხვილის გრძნობას, არ შეუძლია ბოლომდე გაიხსნას პარტნიორთან, რადგან ეშინია, რომ როცა მის რეალურ სახეს დაინახავენ მასზე უარს იტყვიან.
  • სულ ისეთ ურთიერთობებში აღმოჩენა, სადაც პარტნიორი ტერორიზირებას ახდენს, ხოლო ადამიანს არ შეუძლია თავის დაცვა, რადგან ეშინია აგრესიის გამოვლენის, რადგან არ იცის სწორი ფორმით როგორ გამოხატოს ბრაზი და უკმაყოფილება.

ასევე ნევროტიკებს ზრდასრულ ასაკშიც აღენიშნებათ პრობლემები მშობლებთან. განიცდიან მათ მიმართ ამბივალენტურ (ურთიერთსაწინააღმდეგო) გრძნობებს: თან უყვართ, თან აღიზიანებენ, ეცოდებათ და თან ამართლებენ. ხშირად ისინი ატარებენ წყენას მშობლებისადმი, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არ შეუძლიათ, რადგან ეშინიათ მათი რეაქციის. განიცდიან, რომ მშობლებთან არ შეუძლიათ იყვნენ ისეთივე თავისუფალნი, როგორიც მაგალითად მეგობრებთან არიან.

თუ საკუთარი თავი ამოიცანით, გახსოვდეთ, ნევროტიკობა არ ნიშნავს, რომ რაიმე ცუდს ან მიუღებელს, ჩვენს გარშემო უამრავი ნევროტიკია.
ნევროტიკი ძალიან კარგად განვითარებული ფსიქიკური სტრუიქტურის მქონე ადამიანია, თუმცა ბავშვობის აკრძალვებმა და არასწორმა კომუნიკაცმაიამ ზედმეტად მომთხოვნი სუპერ ეგო განავითარა (გაეცანით სტატიას ფსიქოანალიზის შესახებ სადაც აღწერილი ფსიქიკური ინსტანნციები, როგორიცაა სუპერ ეგო).
სუპერ-ეგო - წარმოადგენს მორალისა და ეთიკის შინაგან ხმას, რომელიც მოიცავს მორალურ სტანდარტებსა და იდეალებს, რომლებსაც ადამიანი სწავლობს მშობლებისა და საზოგადოებისგან. სუპერეგოს შეუძლია დასაჯოს ეგო დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობით, როდესაც მისი ქმედებები არ შეესაბამება მორალურ სტანდარტებს. სუპერეგო მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ და შეიძლება კონფლიქტში მოხვდეს როგორც ID-თნ, ასევე ეგოსთან, ცდილობს დათრგუნოს ადამიანის სურვილები, უმაღლესი მორალური ფასეულობების სასარგებლოდ.
იდი, ეგო და სუპერეგო მუდმივ ურთიერთქმედებაშია, რაც ქმნის შინაგანი კონფლიქტებისა და კომპრომისების დინამიკას, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ეგო ცდილობს იპოვოს ბალანსი ID-ის შეუზღუდავი სურვილებსა და სუპერეგოს მკაცრ მოთხოვნებს შორის. ამ შინაგანმა ბრძოლამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზული აშლილობები, რომელთა ანალიზი და მკურნალობა ფსიქოანალიტიკური თერაპიის საფუძველს წარმოადგენს.
ის, რაც ბავშვობაში განიდავნდებოდა ფსიქიკიდან, რადგან ბავშვს არ ჰქონდა პასუხები, ან მასში იწვევდა ნეგატიურ ემოციებს (სამწუხაროდ მშობლებმა ვერ შეძლეს მიეცათ მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხები, რომლებიც არ გამოიწვევად შიშის განცდას), ახლა არაცნობიერშია, ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ეტაპობრივად ძველი შიშები და განცდები სტრესულ მომენტებში უკან გვიბრუნდება. რომ განვთავისუფლდეთ ამ ნეგატიური მოგონებებიდან საჭიროა მათი სააშკარაოზე გამოტანა (არაცნობიერიდან ცნობიერში) და გაანალიზება, რაც ფსიქოანალიზის მთავარი ამაოცანაა.

თუ გსურთ განთავისუფლდეთ ამ შეგრძნებესგან, პირველ რიგში უნდა დაიწყოთ მშობლებთან ახლანდელი ურთიერთობების ანალიზით, შემდეგ წარსული ურთიერთობების. გაანალიზების პროცესში თქვენ თანდათან განთავისუფლდებით ტვირთისგან, რომელსაც დიდი ხანია თან დაატარებთ და რომელიც ხელს გიშლით აწმყოში დაამყაროთ ჯანსაღი ურთიერთობები. გახსოვდეთ, რომ ადამიანი ყოველ მომდევნო ურთიერთობაში სხვა ადამიანებთან იმეორებს იმ პატერნებს, რომელიც ჰქონდა ბავშვობაში მშობლებთან. რაღცის უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დეტალურად გავაანალიზებთ წარსულს, ბავშვობის დროინდელ ურთიერთობებს. სამწუხაროდ, ამის გაკეთება დამოუკიდებლად თითქმის შეუძებელია, რადგან ადამიანისთვის ემოციურად ძალიან რთულია ამ გზის დამოუკიდებლად გავლა. მშობლებთან ურთერთობების გაანალიზებაში გვჭირდება ალტერნატივად გვქონდეს სხვა კარგი, ჯანსაღი ურთიერთობის მაგალითი პირადი გამოცდილებიდან, ურთიერთობის, სადაც თავს გრძნობთ თავისუფლად და გაქვთ ნდობა ადამიანის, როცა არ გეშინიათ რომ მიუღებელი იქნებით მისთვის, ან იმის რომ ეს ადამიანი თქვენზე უარს იტყვის. ფსიქოანალიზის პროცესში, ასეთი ალტერნატიული ურთიერთობის მიღება შეგიძლიათ თუ გყავთ პროფესიონალი ფსიქოანალიტიკოსი. ფსიქოანნალიზის პროცესში ანნალიზანტი უკვე ფსიქოანალიტიკოსთან მიმართებით იმეორებს მისი ბავშვობის ურთიერთობის პატერნებს, გადააქვს მასზე ემოციები და აყენებს მას ბავშობის რომელიმე ავტორიტეტის ადგილას, ამ პროცესს ტრანსფერი ეწოდება (გაეცანით სტატიას ტრანსფერის შესახებ). ფსიქოანალიტიკოსის მოვალეობაა დროულად აღმოაჩინოს ტრანსფერი, გაანალიზოს და გაუკეთოს შესაბამისი ინტერპრეტაცია, შემდგე კი ის აძლევს ანალიზატს მშობლებისგან განსხვავებულ პასუხს საკუტარ ქმედებაზე, რომელიც არ შეიცავს არც დადანაშაულებას, არც ჭკუის სწავლებას არც რაიმე ნეგატიურს, არამედ მიმართულია ანალიზანტის ემოციების გაანალიზებისკენ. მსგავსი ურთიერთობის მაგალითი ძალიანნ მნიშვნელოვანია ადამიანიასთვის, ის აანალიზებს და აცნობიერებს ამას, და შემდეგ სხვა ურთიერთობებშიც ხელმძღვანელობს ამ მაგალითით. უკეთესად შეუძლია საკუთარი ემოციების გამოხატვა, კომუნიკაცია სხვასთან და ნეგატიური და ტოქსიკური რეაქციების გარჩევა და მათზე სწორი რეაგირება.

ფსიქოანალიზის დროს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა შემდეგ ასპექტებს:
  1. ანალიზანტი სწავლობს როგორ გამოხატოს საკუთარი საპირისპირო აზრი ან უკმაყოფილება სწორი ფორმით.
  2. როგორ გამოხატოს საკუთარი აგრესია, არა ძალადობრივი ფორმით.
  3. თავდაჯერებულობის შეგრძნების გამომუშავებას. ის თუ როგორ ითხოვოს, მოითხოვოს, უარი თქვას რაღცებზე. როგორ შექმას საზღვრები მასსა და სხვა ადამიანს შორის. ასევე გაანალიზოს რა არის მისთვის მიუღებელი და რომელ დათმობებზე არ ღირს წასვლა მისივე საკეთილდღეოდ.
  4. დანაშაულის და სირცხვილის გრძნობის შემცირება, აგრესიის გაზრდა (გამოხატვით) - ანუ თქვენ არ მიმართავთ აგრესიას შიგნით, არამედ გარეთ, გამოხატავთ მას. შიგნით მიმართული აგრესია იწვევს ნევროტულ დეპრესიას.

ფსიქოანალიზში ნევროტიკი არის ადამიანი, რომელიც განიცდის ნევროზს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც ახასიათებს ქრონიკული და განმეორებადი განცდები, კონფლიქტები და სიმპტომები, რომლებიც ხშირად ვლინდება შფოთვის, ობსესიური აზრების, კომპულსური ქცევების, ფობიების, დეპრესიის ან სხვა ემოციური დარღვევების სახით. ნევროტული დარღვევები დაკავშირებულია შიდა კონფლიქტებთან, რომლებიც ჩვეულებრივ წარმოიშობა ჩახშობილი სურვილების, შიშების და ემოციური ტრავმების გამო, რომლებსაც ადამიანი ვერ ახერხებს გააცნობიეროს. მნიშვნელოვანია ამ შიდა კონფლიქტებისა და ჩახშობილი განცდების გამოვლენა და გაცნობიერება, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს საკუთარი თავი და მისი ემოციური რეაქციები, ასევე იპოვოს უფრო ადაპტური გზები ცხოვრებისეული სიძნელეებისთვის გასამკლავებლად.

სტატიის ავტორი: მაგდა ბერესტ


© All Right Reserved. My company Inc.

Made on
Tilda