ფსიქოანალიზის შესახებ
ფსიქოანალიზმა, ზიგმუნდ ფროიდის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში შემუშავებულმა თეორიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადამიანის ფსიქიკის შესწავლაზე. ფროიდმა შექმნა ფსიქიკის ტოპოგრაფიული მოდელი, რომელიც შეიცავს ძირითად სტრუქტურებს: ცნობიერი, ქვეცნობიერი და არაცნობიერი. ფსიქიკის ეს სამი დონე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის აზრების, გრძნობებისა და ქცევის ჩამოყალიბებაში.

ცნობიერი არის ფსიქიკის ნაწილი, რომელიც შეიცავს ყველაფერს, რაც ჩვენ ამჟამად ვიცით და გვესმის: ჩვენი აზრები, მოგონებები, შეგრძნებები და აღქმა. ცნობიერი დონე საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ ლოგიკურად და გვქონდეს რაციონალური პასუხი სხვადასხვა სიტუაციაზე. ყველაფრი რაც ჩვენს ცნობიერში შეგვიძლია ავხსნათ და აღვწეროთ.

ქვეცნობიერი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არ არის ჩვენი ამჟამინდელი ყურადღების ცენტრში, მაგრამ ადვილად მისაწვდომია ფოკუსირების შემთხვევაში. მოიცავს მოგონებებს, რომლებიც შეგვიძლია გავიხსენოთ, ფარულ ცოდნას და უნარებს, რომლებსაც ვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში. ქვეცნობიერი არის ერთგვარი საცავი, დეპო ჩვენი ბოლო გამოცდილებისთვის, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს გაცნობიერებული ძალისხმევის გარეშეც.

არაცნობიერი ფსიქიკის ყველაზე ღრმა და ნაკლებად ხელმისაწვდომი დონეა. ფროიდი თვლიდა, რომ არაცნობიერი შეიცავს ძირითად ბიოლოგიურ ინსტინქტებს, როგორიცაა სექსუალური და აგრესიული იმპულსები, ასევე მოგონებები და ემოციები, რომლებიც განდევნილია ცნობიერებიდან მათი მტკივნეული ან მიუღებელი ბუნების გამო. არაცნობიერი ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე და ემოციურ ცხოვრებაზე, რომელიც ხშირად ვლინდება მაგალითად სიზმრებსა და მეტყველების “უნებლიე” შეცდომებში.

ფროიდის აზრით, ადამიანის ჯანმრთელობა და ფსიქიკური კეთილდღეობა დამოკიდებულია ცნობიერების ამ სამ დონეს შორის ჰარმონიასა და ურთიერთქმედებაზე. ცნობიერ სურვილებსა და არაცნობიერ იმპულსებს შორის კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს ნევროზული აშლილობები და სხვა ფსიქიკური დარღვევები. ფსიქოანალიზი, როგორც თერაპიის მეთოდი მიზნად ისახავს არაცნობიერი შაბლონების და მათი გაცნობიერების შესწავლას, რაც საშუალებას აძლევს ინდივიდს უკეთ გაიგოს საკუთარი თავი და მოაგვაროს შინაგანი კონფლიქტები.
ფსიქოანალიზი გვთავაზობს ყოვლისმომცველ სისტემას ადამიანის ფსიქიკის სიღრმეების შესასწავლად, რომელიც ფოკუსირებულია ურთიერთქმედებაზე.

კლასიკური ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტუალური პრინციპები მოიცავს რამდენიმე ძირითად ელემენტს:

1. არაცნობიერის გავლენა: ფსიქოანალიზის ძირითადი იდეა არის ის, რომ ადამიანის ქცევის, გამოცდილების და შემეცნების დიდი ნაწილი განისაზღვრება შინაგანი, ირაციონალური დრაივებით, რომლებიც ინახება არაცნობიერში.

2. თავდაცვითი მექანიზმები: ადამიანები ხშირად იყენებენ დამცავ მექანიზმებს, როგორიცაა განდევნა, უარყოფა, პროექცია მტკივნეული ან ნეგატიური აზრებისა გრძნობების დასაძლევად.

3. ადრეული ბავშვობის როლი: ფსიქოანალიზი ხაზს უსვამს ადრეული ბავშვობის მოვლენების მნიშვნელობას ფსიქიკური განვითარებასა და პიროვნების ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სექსუალური და აგრესიული ლტოლვების განვითარების შესწავლას.

4. ფსიქიკური სტრუქტურა: ფროიდმა შეიმუშავა ფსიქიკის სტრუქტურული მოდელი, რომელიც მოიცავს სამ ელემენტს: Id (ძირითადი ინსტინქტების წყარო), ეგო (ცნობიერი ქცევის მარეგულირებელი), სუპერეგო (მორალური და სოციალური ნორმები).

5. ფსიქიკური აშლილობები: ფსიქოანალიზი მრავალი ფსიქიკური აშლილობის მიზეზად განიხილავს ფსიქიკის ცნობიერ და არაცნობიერ ელემენტებს შორის კონფლიქტს, რომელთა დასაბამიც ხშირად ადრეულ ბავშვობაშია.

6. თერაპიის ტექნიკა: ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ძირითადი ტექნიკაა თავისუფალი ასოციაციები, სიზმრის ინტერპრეტაცია და ტრანსფერისა და წინააღმდეგობის ანალიზი.

7. ფსიქოსექსუალური განვითარება: ფსიქოსექსუალური განვითარების ეტაპები (ორალური, ანალური, ფალიური, ლატენტური და გენიტალური) მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პიროვნების ჩამოყალიბებაში. ასევე მნიშვნელოვანი ცნებებია ოიდიპოსის და კასტრაციის კომპლექსი.

ფსიქოანალიზის ძირითადი დებულებები:
  • ადამიანის ქცევა, გამოცდილება და შემეცნება დიდწილად განპირობებულია შინაგანი და ირაციონალური მოტივებით;
  • ეს მოტივები უპირატესად არაცნობიერია;
  • ამ მოტივების გაგების მცდელობა იწვევს ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას თავდაცვის მექანიზმების სახით;
  • პიროვნების სტრუქტურის გარდა, ინდივიდუალურ განვითარებას განსაზღვრავს ადრეული ბავშვობის მოვლენები;
  • კონფლიქტებმა, რეალობის ცნობიერ აღქმასა და არაცნობიერში განდევნილ (რეპრესირებულ) მასალას შორის, შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა ნევროზი, ნევროზული ხასიათის აშლილობები, ფსიქოსომატიკური დარღვევები, შიში, დეპრესია და ა.შ.;
  • არაცნობიერი მასალის გავლენისგან განთავისუფლება შესაძლებელია მისი ცნობიერში გადმოტანით. ეს მიიღწევა თავისუფალი ასოციაციების და სხვა ფსიქოანალიტიკური ტექნიკების მეშვეობით.

ფსიქოანალიზის შესწავლის ფუნდამენტური საგანია ფარული არაცნობიერი მოტივები, რომლებიც იწვევენ ფსიქიკურ დარღვევებს. ისინი გამოვლინდება ანალიზანტების მიერ გადმოცემული თავისუფალი ასოციაციებით.
ფსიქოანალიზის მეთოდები და ტექნიკა, რომელიც ეფუძნება არაცნობიერის ზემოხსენებულ ანალიზს, ტრანსფერისა და წინააღმდეგობის გამოვლინებებს, ინტერპრეტაციისა და დამუშავების ტექნიკის საშუალებით. ფსიქოანალიტიკოსის მიზანია დაეხმაროს ანალიზანტს განთავისუფლდეს ფარული მექანიზმებისგან, რომლებიც ქმნიან კონფლიქტებს ფსიქიკაში, ანუ ჩვეული შაბლონებისგან, რომლებიც არ არის შესაფერისი მათი რეალური სურვილების რეალიზებისთვის და საზოგადოებასთან ადაპტაციისთვის.


მოგვიანებით, ფროიდი გვთავაზობს ფსიქიკის სტრურქტურულ მოდელს.

  • იდი - ID - ძირითადი ინსტინქტების წყარო – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს. ის ყველაზე მეტად განსხვავდება იმისგან, რასაც ”მე”-ს ვუწოდებთ. წარმოადგენს პიროვნების ყველაზე პირველყოფილ/პრიმიტიულ კომპონენტს, რომელიც შეიცავს ინსტინქტურ და ბიოლოგიურ იმპულსებს, როგორიცაა საკვების მოთხოვნილება, სექსი და აგრესია. ეს არის ჩვენი ენერგიისა და სურვილების წყარო, რომელსაც ფროიდმა ლიბიდო უწოდა. ID მოქმედებს სიამოვნების პრინციპის მიხედვით, ეძებს მისი სურვილების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას რეალური გარემოებების ან შედეგების გათვალისწინების გარეშე. ID მთლიანად არაცნობიერია, არ სცნობს ლოგიკას და მორალს. მისთვის მოქმედების ერთადერთი საშუალება არსებობს – ესაა განტვირთვა ან განგაშის განცდების გაგზავნა ”მე”-სთან, რათა უსიამოვნებას განერიდოს. ”იგი” ფლობს ისეთ ენერგიათა ფორმებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს (შფოთვა, შიში, აგზნება და ა.შ). მოიაზრება, როგორც ინსტინქტების ვნებების და გატაცებების საბადო. ID ვლინდება სიზმრებში, შეცდომით ქმედებებსა და მეტყველებით შეცდომებში.
  • ეგო ("მე") - ეგო ვითარდება იდ-დან და წარმოადგენს ფსიქიკის იმ ნაწილს, რომელიც კავშირშია გარე სამყაროსთან და რეალობასთან. ეგო მუშაობს რეალობის პრინციპის გათვალისწინებით და ცდილობს იპოვნოს ბალანსი ID-ის მოთხოვნებსა და რეალური სამყაროს შესაძლებლობებს შორის. ეგო ითვალისწინებს სოციალურ ნორმებს, წესებს და შეზღუდვებს, ცდილობს დააკმაყოფილოს ID-ის მოთხოვნილებები ყველაზე მისაღები და უსაფრთხო გზით. ეგო ეხმარება ინდივიდს დაგეგმოს და გადადოს დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების სურვილი გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.
  • სუპერ-ეგო - ყალიბდება ყველაზე გვიან და წარმოადგენს მორალისა და ეთიკის შინაგან ხმას, რომელიც მოიცავს მორალურ სტანდარტებსა და იდეალებს, რომლებსაც ადამიანი სწავლობს მშობლებისა და საზოგადოებისგან. სუპერეგოს შეუძლია დასაჯოს ეგო დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობით, როდესაც მისი ქმედებები არ შეესაბამება მორალურ სტანდარტებს. სუპერეგო მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ და შეიძლება კონფლიქტში მოხვდეს როგორც ID-თნ, ასევე ეგოსთან, ცდილობს დათრგუნოს მათი სურვილები უმაღლესი მორალური ფასეულობების სასარგებლოდ.
იდი, ეგო და სუპერეგო მუდმივ ურთიერთქმედებაშია, რაც ქმნის შინაგანი კონფლიქტებისა და კომპრომისების დინამიკას, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ეგო ხშირად რთულ მდგომარეობაშია, ცდილობს იპოვოს ბალანსი ID-ის შეუზღუდავი სურვილებსა და სუპერეგოს მკაცრ მოთხოვნებს შორის. ამ შინაგანმა ბრძოლამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზული აშლილობები, რომელთა ანალიზი და მკურნალობა ფსიქოანალიტიკური თერაპიის საფუძველს წარმოადგენს.
ამრიგად, იდს, ეგოს და სუპერეგოს შორის ურთიერთქმედების გაგება გვეხმარება ადამიანის ქცევისა და ემოციური რეაქციების გამომწვევი მიზეზების აღმოჩენაში, გვთავაზობს ფსიქოლოგიური კონფლიქტების მოგვარების გზების პოვნა პიროვნული ზრდის მისაღწევად.

ფსიქიკის დაცვითი მექანიზმები არის არაცნობიერი სტრატეგიები, რომლებსაც ჩვენი გონება იყენებს შფოთვისა და შინაგანი კონფლიქტების დასაძლევად. ფსიქოანალიზში ეს მექანიზმები განიხილება, როგორც გზები, რომლითაც ეგო იცავს თავს უსიამოვნო ან მტკივნეული გრძნობებისგან. გთავაზობთ თავდაცვის ძირითადი მექანიზმების მოკლე მიმოხილვას:
  • განდევნა - მტკივნეული მოგონებებისა და განცდების უნებლიე გაძევება ცნობიერიდან. ეს არის ძირითადი დამცავი მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს ბევრ სხვა თავდაცვის მექანიზმს.
  • ჩანაცვლება - შფოთვის გამომწვევი ობიექტის ან მიზნის ჩანაცვლების პროცესი, უფრო მისაღები ან ნაკლებად საშიში ობიექტით. მაგალითად, პირად ცხოვრებაში იმედგაცრუებამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი სამსახურში.
  • უარყოფა - მტკივნეული ან შიშის მომგვრელი მოვლენის ან განცდის რეალობის აღიარებაზე უარის თქმა, თითქოს ეს მოვლენა ან განცდა არ არსებობდეს.
  • კომპენსაცია - სისუსტეების, შეცდომების, ხარვეზების ან კომპლექსები შეფარვის პროცესი ერთ სფეროდან, მეორეში გადატანის გადაჭარბებული ძალისხმევის გზით. მაგალითად, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი შეიძლება ისწრაფვოდეს გამორჩეული და დიადი მიღწევებისკენ საკუთარი დაბალი თვითშეფასების დასაკომპენსაცირებლად.
  • პროექცია - საკუთარი მიუღებელი სურვილების, გრძნობების ან იმპულსების სხვა ადამიანებისთვის მიკუთვნება. ეს იცავს ეგოს, ინდივიდს აძლევს საშუალებას თავიდან აირიდოს საკუთარ თავში ნეგატიური ასპექტების და მიუღებელი გრძნობების ამოცნობა. მაგალითად თუ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი დანაშაულის აღმოჩენა და მიღება, მას გადააქვს ეს ასექტი სხვაზე, ადანაშაულებს რა სხვას საკუთარ შეცდომებში. ამ ფორმით ეგოს შეუძლია თავიდან აირიდოს დანაშაულის გრძნობა, რომლის გადამუშავება მისთვის მტკივნეული და ტრავმულია.
  • რეაქტიული ფორმირება - საპირისპირო გრძნობების გაძლიერება ნამდვილი გრძნობების დასამალად. მაგალითად, სიძულვილიდან გადამეტებულ სიყვარულზე ან მეგობრობაზე გადასვლა.
  • სუბლიმაცია - პროცესი, რომლის დროსაც მიუღებელი იმპულსები ან იდეალები გარდაიქმნება სოციალურად მისაღებ ქმედებებად ან ქცევებად, მაგალითად, აგრესიული იმპულსები შეიძლება სუბლიმირებული იყოს სპორტულ მიღწევებად. სუბლიმირების კარგი მაგალითია მხატვრობის, მუსიკის და სხვა შემოქმედებითი სფეროები.
  • რაციონალიზაცია - მიუღებელი ქცევის ან გრძნობების ახსნა ლოგიკურად მიღებული ან გონივრული მიზეზებით, ჭეშმარიტი მოტივების ან ფაქტორების იგნორირება. მაგალითად როდესაც ადამიანი სხვის მიმართ ჩადენილ სისასტიკეს ხსნის როგორც ერთადერთ გამოსავალს სიტუაციიდან
  • რეგრესია - ფსიქო-სექსუალური განვითარების უფრო ადრეულ სტადიაზე დაბრუნება, რაც იწვევს უფრო ბავშვური ქცევის პატერნების აქტივაციას, სტრესის ან საფრთხის საპასუხოდ.
ამ დამცავ მექანიზმებს შეუძლიათ სასარგებლო როლი შეასრულონ ინდივიდს ცხოვრებისეულ სტრესებთან გამკლავებაში, მაგრამ მათმა გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პრობლემები და ქცევითი დარღვევები.

ფსიქოანალიზი, რჩება არის ყველაზე გავლენიანი და საფუძვლიანი მიდგომა ადამიანის ფსიქიკის შესასწავლად. ავლენს რა არაცნობიერის ღრმა შრეებს, გვთავაზობს იმის გაგებას, თუ როგორ აყალიბებს შინაგანი კონფლიქტები და არაცნობიერი იმპულსები ჩვენს აზრებს, გრძნობებსა და ქცევას. Id, ეგოსა და სუპერ-ეგოს ცნებები, ასევე თავდაცვის მექანიზმები, გვაჩვენებს თუ რამდენად რთულია ადამიანის ფსიქიკა და რამდენად მრავალფეროვანი პროცესები მიმდინარეობს მასში.
ფსიქოანალიზმა არა მხოლოდ ღრმად მოახდინა გავლენა ფსიქოლოგიაზე, არამედ დატოვა თავისი კვალი კულტურაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე და ყოველდღიურ მეტყველებაშიც კი, რაც ეხმარება ადამიანებს უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი და სხვები.
ამრიგად, ფსიქოანალიზი არის მძლავრი ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც ეძებს ადამიანის ბუნების უფრო ღრმა გააზრებას, სთავაზობს რა მას მინიშნებებს მრავალი ფსიქოლოგიური საიდუმლოების ამოხსნისთვის და უზრუნველყოფს განკურნებისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობებს.
სტატიის ავტორი: მაგდა ბერესტ

© All Right Reserved. My company Inc.

Made on
Tilda