ბავშობასთან დამშვიდობება.
გარდატეხის ასაკი არის დრო, როდესაც მოზარდები ცდილობენ საკუთარი თავის შეცნობას და თვითდამკვიდრებას.
ისინი აწყდებიან მარტოობას, შიშს და გაურკვევლობის გრძნობას. ზოგჯერ მათ ეჩვენებათ, რომ უფროსებს დაავიწყდათ, რას ნიშნავს მოზარდად ყოფნა. ისინი იკეთებენ ნიღბებს, რომ დაიცვან თავი ტკივილისგან, მაგრამ შინაგანად მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და გაგება. განსაკუთრებით რთულია ბავშვობასთან გამოთხოვება, როდესაც ერთდროულად საჭიროა გახდე ზრდასრული, აიღო პასუხისმგებლობა და მიიღო საკუთარი თავი, რომელიც გარეგნულადაც იცვლება.
მოზარდობის ასაკში ხდება კარდინალური ცვლილებები, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. ადამიანი ემშვიდობება ბავშვობას და იწყებს გზას ზრდასრული ცხოვრებისკენ. მოზარდი აწყდება აუცილებლობას, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სურვილებზე, სხეულზე, არჩევანზე და, საბოლოო ჯამში, საკუთარ ცხოვრებაზე.
ამ პერიოდში წყვეტს მუშაობას ფსიქიკის ადრინდელი დამცავი მექანიზმები, რაც ბავშვობას უფრო უსაფრთხოს და პროგნოზირებადს ხდიდა. ახალგაზრდებმა შეიძლება თავი იგრძნონ დაუცველად, განიცადონ ემოციებისა და გრძნობების ფართო სპექტრი, რომლებიც დაკავშირებულია არა მხოლოდ მათ შინაგან სამყაროსთან, არამედ გარე რეალობასთანაც. ახალ გამოწვევებთან შეჯახებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და იმედგაცრუება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარმოიქმნება დაბრკოლებები საკუთარი სურვილების რეალიზაციის გზაზე.
სასკოლო წარუმატებლობებმა, თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეებმა, მშობლებთან უთანხმოებამ (რომლებიც ჰკარგავენ ავტორიტეტს მოზარდების თვალში და ეს ნორმალურია) და რომანტიკულ ურთიერთობებში სირთულეებმა შეიძლება გააღრმავოს მოზარდის შინაგანი განცდები.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მოზარდმა უნდა ისწავლოს როგორც შინაგან, ასევე გარე გამოწვევებთან გამკლავება. თუ ამ დროისთვის მას არ ჩამოუყალიბდა საკუთარი თავის მყარი აღქმა და რწმენა საკუთარი ძალების მიმართ, ჩნდება საკუთარ თავში ჩაკეტვისა და სუიციდური აზრების გაჩენის რისკები.
მოზარდებს ხშირად აწუხებთ თვითმკვლელობაზე ფიქრი.
სიკვდილზე ფიქრი მოზარდისთვის ზრდასრულობის პროცესის ნორმალური ნაწილია, რომელსაც იწვევს ყოფიერების ფუნდამენტურ საკითხებთან შეჯახება. მოზარდს შეიძლება სიკვდილში ეძებდეს თავისი პრობლემების ჯადოსნურ გადაწყვეტას, ფიქრობდეს რა, რომ ტანჯვის დაძლევა შეუძლებელია.
მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა, დახმარება იმის გაგებაში, რომ ტანჯვის დაძლევა შესაძლებელია, და იმის ჩვენება, რომ ცხოვრებას, სირთულეების მიუხედავად, აქვს აზრი და ღირებულება.
როგორ შეუძლიათ მშობლებს დახმარება?
არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ მოზარდი სირთულეებს განიცდის:
* საკუთარ თავში ჩაკეტვა;
* ემოციური ჩართულობის შემცირება;
* გულგრილობის გამოვლენა ოჯახის წევრებისადმი;
* ინტერესის დაკარგვა;
* სხვა ადამიანებთან კონტაქტების შეწყვეტა.
ეს მდგომარეობები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ზოგჯერ თვეობით. როდესაც მოზარდი იკეტება საკუთარ თავში, მისი ლიბიდო, მისი სასიცოცხლო ენერგია, მიმართულია მხოლოდ შიგნით ანუ საკუთარ თავზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ენერგიამ გამოსავალი იპოვოს და მიმართული იყოს რაიმე ობიექტზე.
აქ სუბლიმაცია გვეხმარება. მშობლები უნდა დაეხმარონ მას ენერგიის გადამისამართების სხვა ინსტრუმენტების პოვნაში. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ჰობი, სპორტი, ხელოვნება ან ნებისმიერი სხვა კონსტრუქციული საქმიანობა.
მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ძალისხმევა გამოიჩინონ მოზარდთან კონტაქტის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ყველაზე რთულ მომენტებში. მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ მათთან საუბრის შესაძლებლობა, რადგან თუ მოზარდი მარტო რჩება, მას შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი რესურსი ყველა თავისი გრძნობის გასაანალიზებლად და გადასატანად.
ნდობა და არა კონტროლი.
ზედმეტმა კონტროლმა და დევნამ შეიძლება გამოიწვიოს მშობლების მიმართ ნდობის დაკარგვა. მნიშვნელოვანია თავისუფალი სივრცის შექმნა, ამავდროულად ხელმისაწვდომად დარჩენა კომუნიკაციისთვის. მშობლების მუდმივმა შეშფოთებამ შეიძლება თვითდესტრუქციული აზრები მოზარდისთვის ზედმეტად ღირებული გახადოს, თითქოს ეს მისი პრობლემების ერთადერთი გადაწყვეტაა. მნიშვნელოვანია არ გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ ნეგატიურ ასპექტებზე, არამედ ვეძებოთ მხარდაჭერის უფრო პოზიტიური და კონსტრუქციული გზები.
მოზარდი რთულ პერიოდს განიცდის და თქვენი მხარდაჭერა შეიძლება გახდეს მისი კეთილდღეობის მთავარი ფაქტორი. ღია კომუნიკაციის შენარჩუნება, კონსტრუქციული საქმიანობის შესაძლებლობების მიცემა და ნდობის ატმოსფეროს შექმნა დაეხმარება თქვენს შვილს გაუმკლავდეს სირთულეებს და იპოვოს აზრი ცხოვრებაში.
მნიშვნელოვანია შეხების წერტილების პოვნა.
მოზარდები სვამენ მნიშვნელოვან კითხვებს ცხოვრების შესახებ და ზოგჯერ ამ კითხვებით მშობლებს მიმართავენ. თუმცა, ხდება, რომ თვითონ მშობლებს არ შეუძლიათ პასუხის გაცემა ისეთ კითხვებზე, ამიტომ თავს არიდებენ საუბარს. მაგალითად შეკითხვები რომლებიც უკავშირდება ცხოვრების მნიშვნელობას, სიკვდილის საკითხს, ან ადამიანის როლს სამყაროში. მოზარდისთვის ამ კითხვებზე ფიქრი და პასუხების ძებნა ძალიან რთულია და თუ მშობლებს არ შეუძლიათ პოზიტიური პასუხის გაცემა, ამან შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს.
ბავშობაში ყველას გვპირდებოდნენ, რომ როცა გავიზრდებოდით, ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა. როდესაც ბავშვი იზრდება ამჩნევს, რომ ეს ასე არ ხდება. უფროსების სამყარო მათთვის ხშირად აღიქმება რთულად და გაუგებრად, ისინი ხედავენ როგორ ვიქცევით ჩვენ როდესაც პრომლემის წინაშე ვდგავართ, ხშირად ეს ქცევა მათთვის მიუღებელი ან გაუგებარია, თითქმის ყოველთვის კი, ძალიან რთული. მოზარდები ამჩნევენ, რომ უფროსები ირგებენ ნიღბებს სოციალურ წრეში პოზიციის გასამაგრებლად, ეს მათში იწვევს უნდობლობის განცდას, ასევე განცდას, რომ საჭიროა თავადაც შეიცვალონ და საკუთარი გრძობები და ემოციები აკონტროლონ ან დამალონ, რათა საზოგადოებამ მიიღოს ისინი.
ეს შეუსაბამობა ბავშობის მოლოდინებსა და რეალობას შორის შეიძლება მძიმე გადასატანი იყოს თუ მშობელი არასაკმარისადაა ჩართული.
როგორ აღიქმება მოზარდისთვის ჰიპერ მზრუნველი მშობელი და მოქმედებს თუ არა ეს მათ თვითშეფასებაზე?
როდესაც მშობლები ზედმეტ ზრუნვას იჩენენ, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოზარდის თვითშეფასებზე. ფსიქოანალიტიკური თეორიის ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს ზოგჯერ სურს მშობელს განერიდოს და დესტრუქციულ ქცევებს იძენს, რომ სიცოცხლე მოისწრაფოს, რათა არ აწამოს თავისი მშობლები საკუთარი თავით, თვლის რა თავს უუნაროდ და ხელის შემშლელ ფაქტორად. ეს კვლავ გვაბრუნებს ბავშვებსა და მშობლებს შორის ნდობის თემასთან. მშობლები უნდა ცდილობდნენ შეამცირონ გადაჭარბებული მზრუნველობა, რათა მოზარდმა არ დაიწყოს ფიქრი, რომ ის ხელს უშლის მშობლების თავისუფალ ცხოვრებას და ტვირთად აწვება მათ.
როდესაც მოზარდს არ შეუძლია პირდაპირ მიმართოს მშობელს, ის ხშირად მიმართავს სოციალურ ქსელებს, რაც შეიძლება საშიში იყოს. შენი შვილების გაგება შესაძლებელია მხოლოდ საუბრების მეშვეობით და არა კონტროლით. საჭიროა მისთვის დროის მიცემა ფიქრისთვის, ხოლო ინტერნეტში ეს შეუძლებელია. ბავშვის სრული ჩაძირვა ინტერნეტში შეიძლება საშიში იყოს შესაბამისი კომუნიკაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე.
ადამიანი თანდათან კარგავს ახალშობილობის დროინდელ ყოვლისშემძლეობის გრძნობას და სურს ამ ილუზიის აღდგენა, დესტრუქციული ქმედება (სუიციდის მცდელობა, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება და სხვა) აძლევს მას საკუთარი ცხოვრების კონტროლის შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია თუ არა ყურადღების მიქცევა მოზარდის ფსიქიკის სტრუქტურასა?
ეს მშობლებისთვის რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ფსიქოანალიტიკოსებისთვის ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. მშობლებმა უნდა ადევნონ თვალი ბავშვის ქცევის ცვლილებებს, ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურის სირთულის ახსნა აქ არ დაგვეხმარება.
თუ მოზარდს ჰქონდა სუიციდის მცდელობა?
ეს ძალიან სერიოზულია. ეს ნიშნავს, რომ მოზარდი უახლოვდება სიკვდილს, მას რაღაც ძლიერ აწუხებს და არ შეუძლია თავად გაუმკლავდეს. საჭიროა ამაზე საუბარი, რათა ამ მოვლენას აზრი მივანიჭოთ. მშობელმა არ უნდა უგულებელყოს ეს აქტი, იმის შიშით, რომ მოზარდი გაბრაზდება ან კიდევ უფრო ჩაიკეტება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ მოვახდინოთ ძლიერი ზეწოლა. აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს კონსულტაციისთვის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებლად ხდება მოზარდთან ერთად.
როდესაც ვსაუბრობთ თვითმკვლელობის მცდელობაზე, ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ეს დახმარების მიღების სურვილია. მოზარდს სურს, რომ ის გადაარჩინონ, ამიტომ ისინი ხშირად თანხმდებიან თერაპიაზე.
მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იყვნენ ყურადღებიანი და მგრძნობიარე, ინარჩუნებდნენ გახსნილობასა და ნდობას მოზარდთან ურთიერთობაში. ამას შეუძლია დაეხმაროს ტრაგედიების თავიდან აცილებას და მხარი დაუჭიროს მოზარდს გარდატეხის ასაკში.
შეგვიძლია გავიხსენოთ ტომ სოიერის ფანტაზიები საკუთარ სიკვდილზე და იმაზე თუ როგორ ნანობდნენ და იტანჯებოდნენ ყველანი ამის გამო.
ასევე ეს შეიძლება იყოს ერთგვარი პროტესტი მშობლების მიმართ, რომ მათ ყურადღება მიაქციონ მოზარდის სურვილს.
საჭიროა გავიგოთ ᲠᲐᲢᲝᲛ ირჩევს მოზარდი ასეთ რადიკალურ გზას?!